ახალი ამბები

მესტიის მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის პრობლემები – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

15 თებერვალი, 2020 • 1361
მესტიის მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის პრობლემები – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

“მესტიის მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები”, – წერია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც შესწავლილია 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვანში ასევე ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ ვადებში მოსახლეობისათვის მიწოდება შეაფერხა.

ასევე ანგარიშში გამოყოფილია ის პუნქტები, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო გამოყოფილი თანხის მიზნობრივი და სარგებლიანი ხარჯვა.

  •  მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ ვადებში
    მოსახლეობისთვის მიწოდება შეაფერხა.
  • მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესი ყველა ეტაპზე ხასიათდება სისტემური ხარვეზებით:

– სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით არ არის შერჩეული პროექტების დაწყებისა და დასრულების ოპტიმალური ვადები. მუნიციპალიტეტი შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებს, ხშირ შემთხვევაში, ზრდიდა სათანადო დასაბუთების გარეშე;

– სამუშაოების გეგმა-გრაფიკისა და მიწოდების ვადების დარღვევისათვის მუნიციპალიტეტი არ იყენებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებს, ან აწესებდა სანქციის მინიმალურ ოდენობას. ამასთანავე, არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს საჯარიმო თანხების ამოსაღებად;

– მუნიციპალიტეტმა, არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, არ გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება და არ მოითხოვა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხების ანაზღაურება;

– მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემა, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს;

– მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს შეუსრულებელი სამუშაოები, რომელთა გამოვლენა დათვალიერების შედეგადაც შეიძლებოდა.

  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის პროცესი ხასიათდება არსებითი ხარვეზებით: მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ქონების აუდიტორული შეფასებები და მონაცემები მისაღები სარგებლის შესახებ.
  •  მუნიციპალიტეტმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულებებით დაქირავებულთა რაოდენობრივი ზღვარი და 2018 წლის 11 თვის განმავლობაში დაიქირავა დასაშვებზე, საშუალოდ, შვიდი პირით მეტი.
  • მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები. ხარჯების ასანაზღაურებლად თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების წარმოდგენის
    გარეშე.
  •  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური
    მომსახურების შესყიდვის პროცესი წარიმართა ხარვეზებით და გაწეულია არაეკონომიური
    ხარჯები.
  • მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯები, რიგ შემთხვევაში, გასწია შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, რაც შეიცავს საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს.
  •  მუნიციპალიტეტმა, ზოგიერთ შემთხვევაში, საქონელი/მომსახურება შეისყიდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობას. ამასთანავე, არ არის დაცული შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულების წინასწარი განსაზღვრის, ეკონომიის მიღების, შესყიდვის ობიექტის ხარისხის უზრუნველყოფის და სხვა ძირითადი პრინციპები.
  • მუნიციპალიტეტმა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურება შეისყიდა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში, ხარვეზებით შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციით.
  • 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია გადამხდელთა ბაზისა და გადასახდელი მოსაკრებლების მოცულობის შესახებ.
  • შესაბამისი შრომითი რესურსის არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის აუცილებლობა.
  • მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურს დებულებით გათვალისწინებული ფუნქციები და მოვალეობები 2017-2018 წლებში არ შეუსრულებია, კერძოდ, არ ჩაუტარებია აუდიტორული შემოწმებები და არ გაუცია რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებისათვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი