ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე პირობების მქონე პირები საცხოვრებელი ფართით ვერ უზრუნველყო – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

15 თებერვალი, 2020 • 1000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე პირობების მქონე პირები საცხოვრებელი ფართით ვერ უზრუნველყო – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა ხარვეზებით წარმართა.

“მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა პირველ რიგში ვრცელდება ისეთ ოჯახებზე, რომლებიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება,10 რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები. სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული” – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ასევე სოფელ ორსანტიაში შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ.

ამასთან, სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლისმშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ დაუსრულებია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

გარდა ამისა აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის შესწავლის პროცესში გამოავლინა სხვა ნაკოვანებებიც:

  • მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების პირობებით გამოიყენა საჯარიმო სანქციების დაბალი მოცულობა, რომელიც არ შეესაბამება გავრცელებულ საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნულმა მიდგომამ ვერ განაპირობა ინტერესების სათანადო დაცვა და მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენცია;
  •  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადები გაზარდა დაუსაბუთებლად – უამინდობის, ხარჯთაღრიცხვაში თავიდანვე ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებისა და ორგანიზაციული პრობლემების გამო.
  •  ხელშეკრულებების შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების მიწოდების გეგმა გრაფიკისა და ვადების დარღვევების სრულად გამოვლენა და მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციების გავრცელება;
  •  შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში, ზოგ შემთხვევაში, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია;
  • მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა გამოავლინოს და თავიდან აიცილოს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას;
  • მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული ხელშეკრულების ფორმით და ანაზღაურება გასცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე. ანგარიშსწორების ასეთი ფორმა, არსებული პრაქტიკით, იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას;
  • ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს მუნიციპალიტეტში თან ახლავს სისტემური პრობლემები:

– სავარაუდოდ, მაღალი ლიკვიდურობის ქონება მუნიციპალიტეტმა გასცა უკონკურენტო გარემოში, ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის გამოყენებით, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა

– მუნიციპალური ქონების ნაწილი, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შესაბამის შემოსავალს.

– ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტმა წარმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და სავარაუდოდ, არ აჩვენა დანაკლისი ქონების ნაწილი.

  • მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ისეთ დაფუძნებულ სუბიექტებსა და არაგონივრულად გაზრდილ საშტატო თანამდებობებს, რომელთა საქმიანობაც არ გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულების შესრულების საჭიროებიდან;
  • მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე;
  • მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
  • მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესაბამისად, რამაც დამატებითი ხარჯები გამოიწვია;
  • შესაბამისი შრომითი რესურსის არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საფინანსო- საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;
  • მუნიციპალიტეტმა არ გამოასწორა შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ასახული ნაკლოვანებები და არ შეასრულა გაცემული რეკომენდაციები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და ქონების განკარგვის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსგავსი ანგარიში გამოქვეყნა საქართველოს სხვადასხვა რეიონების შესახებ, სადაც დეტალურად განიხილა ის პროექტები, რომელთა დაგეგმვის მიუხედავად მათი შესრულება ვერ მოხერხდა, ან ნაწილობრივ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი