ახალი ამბები

მაია ცქიტიშვილი: უშიშროების საბჭომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარი თქვა

16 ივლისი, 2015 •
მაია ცქიტიშვილი: უშიშროების საბჭომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარი თქვა

მისი თქმით, მთავრობამ ივნისის დასაწყისში უშიშროების საბჭოს  ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია შესთავაზა, რაზედაც თავიდან უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი თანახმა იყო, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა:

 

“ შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ქონების განმკარგავმა უწყებამ, გადასცა მისივე მოთხოვნის საფუძველზე ათონელის შენობაში გარკვეული ფართი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ეს ფართი იქნა გადაცემული, მივიღეთ ქალბატონი ირინას უარი იმ მოტივით, რომ ეს ფართი არ შეესაბამება საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს”, – განუცხადა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს 16 ივლისს.

 

“26 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ობიექტზე და არგუმენტი, რომ ეს შენობა არ შეესაბამება ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურის საჭიროებებს.. ალბათ გაქვთ ნანახი, ავეჯით გაწყობილი მზა შენობა დგას და ელოდება, როდის გადავა იქ ის სტრუქტურა, რომლისთვისაც ის თავიდანვე შენდებოდა. ამ ეტაპზე ასეთი ვითარება გვაქვს”, – ამბობს ცქიტიშვილი.

 

ის ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს იმის ადეკვატური ფართი გადასცეს, რაც კანცელარიაში აქვს. ცქიტიშვილის თქმით, ათონელის რეზიდენციაზე უარის შემდეგ უშიშროების საბჭომ ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა მოითხოვა:

 

“მოგეხსენებათ, რომ ეს შენობა [ავლაბრის რეზიდენცია] არ არის გადაცემული მათ სარგებლობაში, ისევე, როგორც არ არის გადაცემულო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარგებლობაში.  სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაქვემდებარებული კიდევ ერთ სტრუქტურა აღმოჩნდება კიდევ ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი