“საქართველოს ტყის კოდექსსა” და “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც ყველა ეკლესიას მის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება, TDI განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.
ორგანიზაციის განცხადებით, 2018 წელს TDI-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ რელიგიური გაერთიანებების სახელით წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: “[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში”.
TDI-ს თქმით, სასამართლომ სწორედ სახელმწიფო ქონების კანონის ის ნორმა მიიჩნია დისკრიმინაციულად და ცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უშვებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას:
“გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების საკუთრების უფლებით ფლობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიური დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონ ლარს აღწევს.
საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან. მაგალითად, ის არ იხდის მიწის გადასახადს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი იზრდება წინაასარჩევნო პერიოდებში, რაც ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. კერძოდ, TDI ხაზს უსვამს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი, რომელიც პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ აძლევს სახელმწიფო ქონების შეძენის შესაძლებლობას:
“დღეისათვის რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების დიდი ნაწილი საკუთარ რელიგიურ ქონებას არ ფლობს საკუთრების უფლებით. ისინი ვერც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებას ახერხებენ. ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ისტორიული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნება სწორედ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმების საფუძველზე ეზღუდებათ.
მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
TDI-ს განცხადებით, რელიგიური გაერთიანებების უთანასწორობას ხელს უწყობს სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის კუთხითაც. კერძოდ, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქმნიან უმრავ ხელოვნურ დაბრკოლებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას უზღუდავს.
მაგალითად, TDI-ს განცხადებით, მუსლიმებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, ბათუმში ააშენონ მეჩეთი საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწაზე.
ვრცლად ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია:
ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი