ავტორი: ესმა გუმბერიძე/Pəncərə/ფანჯარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად სქესის არმქონე არსებებად აღიქმებიან. მართალია, საზოგადოებრივი აზროვნება ხშირად ვერც კი წარმოიდგენს, რომ შშმ ქალსაც შეიძლება ჰქონდეს ოჯახის შექმნის, შვილის ყოლა–აღზრდისა, ან უბრალოდ პირადი ცხოვრების უფლება, თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, მიღება ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ და ა.შ.
ითვლება, რომ შშმ ქალი ვერ შეძლებს სახლის დალაგებას, რეცხვას, საჭმლის მომზადებას, და რადგანაც ეს მოვალეობები ქალისთვისაა დაკისრებული, შესაბამისად, ის „არასასურველ“ საცოლედ/სარძლოდ მიიჩნევა. ამასთან, შშმ ქალი ხშირად ვერ ჯდება ქალისთვის დაწესებული გარეგნობის სტანდარტებში. მამაკაცებისთვის ეს სტანდარტები გაცილებით უფრო მოქნილია.
ბიჭები/მამაკაცები ერიდებიან შშმ ქალებთან ურთიერთობას, თვლიან რა, რომ მათ წინაშე მომეტებული პასუხისმგებლობა ექნებათ (არ შეიძლება, დაშორდნენ), ერიდებათ და ეშინიათ მათი მშობლების რეაქციის ან უბრალო ყოფითი საკითხების (პაემანზე რომ წავიდნენ, იმ ქალს საპირფარეშოში ვინ მიაცილებს საჭიროების შემთხვევაში), თუმცა ქალისთვის დაწესებული ქცევის ნორმები და მოთხოვნები შშმ ქალისადმიც სრულად ვრცელდება (ვალდებულებები უფლებების გარეშე, ანუ შშმ ქალთა შემთხვევაში მათდამი, როგორც ქალებისადმი, არსებული მოთხოვნები არაფრით კომპენსირდება).
შშმ ქალთა ჩაცმულობაც ისეთივე თუ არა, უფრო მკაცრი, შეფასების საგანია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალთა და ოჯახის, სანათესაოსა თუ საახლობლო წრის მიერ ზუსტად ისევე კონტროლდება ის, თუ სად, როდის, ვისთან და რამდენი ხნით აქვს წასვლის უფლება, როგორ უნდა/არ უნდა ერთობოდეს, სიგარეტს უნდა ეწეოდეს/არ ეწეოდეს და ა.შ.
შშმ ქალი პირიქით, შეიძლება, უფრო მეტადაც გაიკიცხოს, „მაგას მაინც რად უნდა სამკაულები ან მანიკური, რა საჭიროა, რატომ, რისთვის, მაინც რა…“ – მსგავსი კომენტარები საკმაოდ ხშირად გამიგია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვადასხვა ქალის მიმართ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისგანაც, რომლებსაც, წესით, ნაკლები სტიგმა უნდა ჰქონდეთ და მეტი გამოცდილება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებში, და მეტი მიმღებლობა, კი…