ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალი ტყის კოდექსის მიღებასა და სხვა ნორმატიულ აქტებში დადგეგმილ საკნონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ავტორების თქმით, კანონპროექტი და თანმხლები საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს, სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის და წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის ლოიალობის მოპოვების შინაარსი უფრო აქვს.
EMC აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებათა პაკეტს, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ტყის მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. ცვლილებები არაერთ საკანონმდებლო აქტს ეხება და მათ შორის გულისხმობს ახალი „ტყის კოდექსის“ ამოქმედებას.
“მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ტყის, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე რესურსის, განკარვის და მართვის ახალ, კომპლექსურ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს. თუმცა ამ პროცესში შეშფოთების საგანია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც „საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში” ,- აცხადებენ ორგანიზაცაში.
EMC აღნიშნული ცვლილებას პრობლემურად რამდენიმე მოსაზრების გათვალისწინებით მიიჩნევს. მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო თავად აღიარებს ტყეს, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე რესურს, შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაუგებარია, რა მიზანშეწონილობით გადასცემს სახელმწიფო ასეთი მნიშვნელობის მქონე რესურსს ამ მასშტაბით სხვა კერძო სუბიექტს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არსებითია, სტრატეგიული რესურსები სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდეს და მას საჯარო, კოლექტიური მიზნებისთვის იყენებდეს. EMC-ს თქმით, ამგვარი რესურსის პრივატიზება დაუშვებელია და სუვერენულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება არ ითვალისწინებს ამ უკანასკნელისთვის ტყის რესურსებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრივილეგიას ან/და პირობას.
“კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულია მხოლოდ ტაძრების, მონასტრების, მათი ნანგრევების და იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც ეს ნაგებობებია განლაგებული. შესაბამისად, ეს ინიციატივა კონსტიტუციურ შეთანხმებასთანაც კი მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც ისედაც ექსკლუზიურ და გაუმართლებელ პრივილეგიებს აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას და უთანასწორო გარემოს ქმნის სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჭარბ იდენტიფიციკაციას იწვევს” ,- ამბობს EMC.
ორგანიზაციის თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისთვის დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთების გადაცემის პრაქტიკა ხშირად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ბაზისურ სოციალურ საჭიროებებს და ინტერესებს, არაერთ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილებაც გამოიწვია.
“ცხადია, რომ ასეთი ბლანკეტური ჩანაწერის არსებობა კანონმდებლობაში კიდევ უფრო გაამარტივებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უძრავი ქონების გადაცემას და შესაძლოა წარმოშვას სოციალური კონფლიქტის ახალი კერები. სახელმწიფო კვლავაც განაგრძობს დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ლოალურ და უთანასწორო პოლიტიკას და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სეკულარობის პრინციპის გვერდის ავლით კვლავაც უსამართლო პრივილეგიებს ანიჭებს მას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ეს ცვლილება რელიგიურ გაერთიანებებს შორის არსებულ სამართლებრივ და ფაქტობრივი უთანასწორობის კიდევ უფრო გააღრმავებს და მისი კიდევ ერთი დადასტურება იქნება სახელმწიფოს მხრიდან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
EMC-ის შეფასებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივა,ს სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს და რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებს აჩენს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ამ ცვლილებას და არ დაუშვას ტყის, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის, უსამართლოდ განკარგვა, სეკურალიზმის პრინციპის უგულებელყოფით.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია:
ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი