საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, სოციალურად დაუცველებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდებათ საარსებო შემწობის მიღება. ამის შესახებ ხუნდაძემ დღეს, 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწობის მიმღებ ოჯახებს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის მიღება. შემდეგ კი, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მილიონი ლარი წელიწადში”, – განმარტა ხუნდაძემ.
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ამჟამად სოციალურად დაუცველ პირებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის მიღება უწყდებათ. იმ შემთხვევაში, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება დახმარების საჭიროება, მათ შეწყვეტილი პერიოდის განმავლობაში არგაცემული თანხა მთლიანად უბრუნდებათ.
ხუნდაძის განმარტებით, ინიციატივასთან დაკავშირებით პროცედურები გავლილია შესაბამის უწყებასთან – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ხუნდაძის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და ძალაში შევა 2020 წლის აპრილიდან.