“სომხეთი არის ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი და ამით ყველაფერი ნათქვამია”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიაში, ფრიდრიხ ებერტის ფონდში შეხვედრის დროს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლის კითხვაზე.
“უკანასკნელი 1,5 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ აზერბაიჯანის მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯები მოლაპარაკებათა პროცესში. მაგრამ, მეორე მხრივ, მინდა შევაფასო სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან 2018 წლის სექტემბერში მივაღწიეთ, როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს. ამ შეხვედრის შემდეგ რეგიონში და ფრონტის ხაზზე დაძაბულობა უპრეცედენტოდ დაბალია. ვიმედოვნებ, რომ კონსტრუქციული განხილვების შედეგად არა მხოლოდ სტაბილურობასა და მშვიდი სიტუაციის შენარჩუნებას შევძლებთ, არამედ რეალური დარეგულირების მიმართულებითაც წავიწევით წინ”.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.