ახალი ამბები

134 სისხლის სამართლის საქმე 14 დღეში – მოსამართლეები არათანაბარ პირობებში

16 ივლისი, 2015 • 1471
134 სისხლის სამართლის საქმე 14 დღეში – მოსამართლეები არათანაბარ პირობებში

 

კანონი არ განსაზღვრავს, რამდენი საქმის განხილვის ვალდებულება ან შესაძლებლობა აქვს მოსამართლეს დღის განმავლობაში. მოსამართლის სამუშაო დღე დილის 10 საათზე იწყება და 18 საათზე სრულდება, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი შესაძლოა არასამუშაო საათებშიც გაგრძელდეს, ასეთი ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ყოფილა.

სისხლის სამართლის საქმეების განრიგი ყოველდღიურად სასამართლოს ჰოლში და ოფიციალურ ვებგვერდზე თავსდება, თუმცა, ამ განრიგში არ ხვდება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ჩატარებული სასამართლო პროცესები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი კვირის განმავლობაში ერთი მოსამართლე მორიგეობს, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს, ამის პარალელურად მორიგე მოსამართლე იხილავს საქმეებსაც. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 16 დღის განმავლობაში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს საერთოდ არც ერთი საქმე არ განუხილავს. შესაბამისად, მან 138 სისხლის სამართლის საქმის განხილვა 14 დღეში მოასწრო.

 

იმავე პერიოდში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სულ 85 საქმე განიხილა. 11 დღის განმავლობაში ბეჟანიშვილს საქმეები საერთოდ არ განუხილავს, მაგრამ 14 საქმე განიხილა, მაგალითად, 16 მაისს, 16 საქმე განხილული აქვს 15 მაისს, დანარჩენ დღეებში კი ორ-ორი საქმე აქვს განხილული. იმავე პერიოდში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ყველაზე მეტი – 17 სისხლის სამართლის საქმე ერთ დღეში აქვს განხილული [28 მაისს]. მას მოცემულ პერიოდში 12 დღე ჰქონდა ისეთი, როცა არც ერთი საქმე არ განუხილავს, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში ორ-ორ საქმეს განიხილავდა.

 

ამავე პერიოდში ერთ დღეში მაქსიმუმ 12 სისხლის სამართლის საქმე აქვს განხილული ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს, ყველაზე ცოტა კი – 2 საქმე. მას არც ერთი საქმე არ აქვს განხილული 16 დღის განმავლობაში, ერთი თვეში მოსამართლე დავით მამისეიშვილს კი სულ 65 საქმე განუხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული საერთო სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 7 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, საერთოდ არ განუხილავს საქმე. ამ პერიოდში 121 საქმე განუხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, 26 საქმე განუხილავს ლაშა ჩხიკვაძეს, 13 – ეკა არეშიძეს, ზვიად ესაბუას კი – 1.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის 33 მოსამართლე ჰყავს.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია უცნობი იყო. მისი შეფასებით, ეს მოცემულობა მოსამართლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ადვოკატის მოსაზრებით, სისხლის სამართლის მოსამართლე დღის განმავლობაში 8-10 საქმეს თუ განიხილავს, ეს რაოდენობა აუცილებლად აისახება ხარისხზე: “მოსამართლეებიც ადამიანები არიან. შეუძლებელია ამდენი რამის დამახსოვრება. მე როცა 3-4 საქმეზე გამოვდივარ დღის განმავლობაში, მიჭირს.

 

მით უფრო, როცა ადვოკატი, მართალია, საქმეს სწავლობს, მაგრამ უფრო ცალმხრივად უყურებს. მოსამართლემ ორივე მხარის პოზიცია უნდა შეისწვლოს, ბრალდებისაც, დაცვისაც, მისი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, 3-4 საქმეზე მეტი საქმის განხილვის შემთხვევაში ვერ განიხილავს მოსამართლე იმ ხარისხით, როგორც პირველ ორ საქმეს. მოსამართლეებიც წუხან და ჩივიან ამაზე, მაგრამ ამას მოსამართლე არ წყვეტს, აუცილებელია დაემატოს მოსამართლეები და სასამართლო დარბაზები – თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირია შემთხვევა, რომ მოსამართლეებს დარბაზები არ ჰყოფნით და რიგში დგომა უწევთ. ფაქტობრივად უხარისხოდ და ფორმალურად განიხილავენ საქმეებს. თუ უნდათ კვალიფიციური სასამართლო, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ”.
ადვოკატი იმ ფაქტს, რომ ერთი მოსამართლე თვის განმავლობაში 1 საქმეს განიხილავს, მეორე კი ასზე მეტს, “უცნაურს” და “მახინჯ პრაქტიკას” უწოდებს.

 

ერთი მოსამართლე დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენ საქმეს უნდა განიხილავდეს? – “ბათუმელების” ამ კითხვაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უპასუხა, რომ ასეთი შეფასების გაკეთება ძნელია: `გააჩნია საქმის სიმძიმეს”. მორიგ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დღეში, მაგალითად, 12 აღკვეთი ღონისძიების საქმის განხილვა ერთი მოსამართლის მიერ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ ეს “შეუძლებელია, რადგან ეს არის ღია სასამართლოს სხდომები, სადაც პროცესუალური წესებია დასაცავი, სამუშაო საათები კი არის 10-დან 6 საათამდე, გამონაკლისის გარდა”.
ნინო გვენეტაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ერთი მოსამართლის მიერ დღეში ოცამდე საქმის განხილვის ფაქტიც შეაფასა: “შეიძლება იყოს არგუმენტები გამამართლებელი, რომ იქ იყო ვადებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ მთავარია არა რაოდენობა, არამედ შედეგი, რამდენად ეფექტური და დასაბუთებული იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. თუ გვყავს ასეთი შესაძლებლობების მქონე მოსამართლეები, რომლებსაც შეუძლიათ დღის განმავლობაში განახორციელონ მაღალი ხარისხის სამართალწარმოება, მაგალითად, 12 საქმეზე, ეს მისასალმებელია. ჩვენ იქეთკენ მივდივართ, რომ მოსამართლეები განვტვირთოთ და შევუმსუბუქოთ ყოფა. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გადაწყვეტილების ხარისხზე და არა რაოდენობაზე” – ამბობს გვენეტაძე.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა. მაშინ ის მოსამართლეებს სამ კანონში – “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ”, “უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ” – შესატან ცვლილებებზე ესაუბრა. ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს საქმეები ელექტრონული წესით გაუნაწილდებათ [ახლა სასამართლოს თავმჯდომარეები ანაწილებენ], სასამართლოს თავმჯდომარეს კი თავად მოსამართლეები აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი