ახალი ამბები

5 წლის ბიჭმა ხანძრისგან 2 წლის და და ძაღლი გადაარჩინა

14 თებერვალი, 2020 •
5 წლის ბიჭმა ხანძრისგან 2 წლის და და ძაღლი გადაარჩინა

აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ხუთი წლის ბიჭმა ხანძრის დროს თავისი 2 წლის და და ოჯახის ძაღლი გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, 5 წლის ნოა ვუდსმა ღამით საძინებელ ოთახში ხანძრის გამო გაიღვიძა. მან სახლის დასატოვებლად ერთადერთი გზა – ღია ფანჯარა გამოიყენა. ფანჯრიდან მან თავისი 2 წლის დაც გაიყვანა.

შემდეგ, ნოა ვუდსი სახლში შებრუნდა და იქიდან ოჯახის ძაღლი გამოიყვანა, რის შემდეგაც გვერდით მდებარე ბიძის სახლთან მიირბინა დახმარების სათხოვნელად. მათ სხვებიც გააღვიძეს და ოჯახის ყველა დანარჩენმა წევრმა (6 ადამიანი) სახლი უსაფრთხოდ დატოვა.

„ჩვენ გვინახავს, რომ ბავშვები თავიანთ ოჯახებს [ხანძრის შესახებ] აფრთხილებდნენ, თუმცა, 5 წლის ბავშვს ასეთი რამ გაეკეთებინოს… ეს საკმაოდ უჩვეულოა“, – აცხადებს ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დუეინ ჯეიმისონი CNN-თან.

„ღვთის წყალობით, ყველა ჩვენგანმა მოახერხა სახლის დატოვება“, – წერს ნოას ბაბუა დეივიდ ვუდსი. „ნოა რომ არა, შეიძლება, დღეს აქ არ ვყოფილიყავით“. სახლის განადგურების გამო ოჯახი ამჟამად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს GoFundMe-ზე.

ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტი პარასკევს ნოას მიანიჭებს ბარტოუს რაიონის საპატიო მეხანძრის წოდებას და გადასცემს ჯილდოს, რომლითაც ჩვეულებრივ მხოლოდ პროფესიონალი მაშველები ჯილდოვდებიან.
ამ შემთხვევის შესახებ გაიგო შტატის გუბერნატორმა ბრაიან კემპმაც და ნოას წერილი მისწერა. წერილს ჯეიმისონი პარასკევის ცერემონიაზე წაიკითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი