ახალი ამბები

თბილისის პროკურატურამ ლიკა კიკიანი დაზარალებულად ცნო

15 ივლისი, 2015 •
თბილისის პროკურატურამ ლიკა კიკიანი დაზარალებულად ცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პროკურატურამ ლიკა კიკიანი დაზარალებულად მათი განცხადების საფუძველზე ცნო. საიაში ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მათ დღეს მიაწოდეს.


ლიკა კიკიანის ინტერესებს საიას იურისტი, ლევან ვეფხვაძე იცავს.

 

ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება 9 ივლისს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით არის გათვალისწინებული.  აღნიშნული  სასჯელის ზომად  რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლიკა კიკიანი
ლიკა კიკიანი

ლიკა კიკიანი კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელია. ის ამბობს, რომ კვირას კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომხდარ ამბავს ჰყვება.

 

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.

 

ლიკა კიკიანი ვარაუდობს, რომ სამართალდამცავების მიერ მისი ცემის ამსახველი ვიდეოკადრები დაფიქსირებული აქვს კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომის გარე კამერებს. მისი მტკიცებით, ინციდენტი სწორედ იქ მოხდა.

 

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდებააბსურდულს უწოდებს. ვიდეოკადრებში, რომლებიც შსს–მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა, კუს ტბის ავტოსადგომზე გადაღებული კადრები არ არის. 


მასალების გადაბეჭდვის წესი