ახალი ამბები

ერდოღანი ასადს საპასუხო შეტევით დაემუქრა

13 თებერვალი, 2020 • 1824
ერდოღანი ასადს საპასუხო შეტევით დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბაშარ ასადს პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სირიაში მიმდინარე კონფლიქტში თურქი ჯარისკაცები კიდევ დაზარალდებიან.

საბრძოლო მოქმედებები სირიული და თურქული ძალების მონაწილეობით ამჟამად პროვინცია იდლიბში მიმდინარეობს, სადაც ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები არიან განლაგებულნი. ბოლო დროს განვითარებულ კონფლიქტში დაიღუპნენ სამხედროები ორივე მხრიდან, აგრეთვე, 380 სამოქალაქო პირი. 700 000-მა მოქალაქემ პროვინცია დატოვა.

ამ ტერიტორიაზე სიტუაცია 2018 წლის იდლიბის დემილიტარიზაციის შეთანხმებით რეგულირდება, თუმცა ის არაერთხელ დაირღვა.

„რუსული ძალებისა და ირანის მფარველობაში მყოფი სამხედროების მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი მუდმივად ესხმის თავს სამოქალაქო პირებს, აწყობს ხოცვა-ჟლეტვას და ღვრის სისხლს. ვაცხადებ, რომ შევუტევთ რეჟიმის ძალებს ყველგან, მიუხედავად [2018 წლის] შეთანხმებისა, თუ სულ მცირე ზიანი მაინც მიადგებათ ჩვენს ჯარისკაცებს სადამკვირვებლო პოსტებზე ან სადმე სხვაგან“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადების საპასუხოდ კრემლმა თურქეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო ასადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანის განცხადებას „ცარიელი სიტყვები“ და „რეალობისგან აცდენილი უწოდა“.

იდლიბში სიტუაცია ბოლო დროის დაიძაბა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში განთავსებულ თურქულ ჯარზე იერიში მიიტანეს. საპასუხო ოპერაციისას თურქეთმა რუსეთს მოუწოდა, ნუ გადაეღობება გზაზე, სირიის სამთავრობო ძალებს პასუხი რომ გასცეს.

ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი