“ევროპული საქართველოს” წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე სრულიად მიუღებელს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, რომ “დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს”.
კაპანაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკოსის, მინისტრის პოზიცია, მაგრამ არა სამინისტროსი, რადგან საგარეო უწყების საქმე არ არის პარლამენტარების გამოსვლის შეფასება.
“სირცხვილია ასეთი განცხადება და ამას მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოჰყვეს ნორმალურ ვითარებაში. მაგრამ ახლა არ ვართ ნორმალურ მდგომარეობაში და ამიტომაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრიც და სხვა უწყებების ხელმძღვანელებიც საქმის კეთებით კი არ არიან დაკავებული, არამედ ოლიგარქის “გაპრავებით”, – წერს კაპანაძე.
“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი მიმართვა გამოუგზავნეს და საქართველოს საგარეო უწყებას აღნიშნული წერილის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა გამოქვეყნებაზე უარი თქვეს.
“წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს”, – ნათქვამია საგარეო უწყების მხრიდან ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.