ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ტყუპების შესახებ

15 ივლისი, 2015 • 1593
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ტყუპების შესახებ
საქალაქო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვწტილება ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად იქნა მიღებული.

 
საქალაქო სასამართლოს განცხადებით,  დააკმაყოფილდა მოსარჩელე დ.ბ.-ს სარჩელი, საქმეზე მოპასუხე კი სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური იყო.


მხარეთა შორის დავის საგანს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა სააქტო ჩანაწერში შესულიყო ცვლილებები. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას.


საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საქმის დეტალები ასეთი იყო:
 

“სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე დ.ბ.-მ და მ.კ.-მ გადაწყვიტეს ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით სამი ნაყოფის (სამი ტყუპის) დაბადება და გააფორმეს შესაბამისი შეთანხმება ორ სუროგატ დედასთან. არსებული სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ჩასახვის და ნაყოფის განვითარების პროცედურების მიხედვით ტყუპები ერთ კალენდარულ დღეს უნდა დაბადებულიყვნენ.  თუმცა საკეისრო კვეთის დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სუროგატ დედას, რომელიც ატარებდა ერთ ნაყოფს, ორსულობისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის შედეგადაც ტყუპისცალი დაგეგმილზე 10 დღით ადრე დაიბადა.  მეორე სუროგატი დედის ორი ნაყოფი კი სამედიცინო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ დღეს, ანუ 10 დღის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. აღნიშნულის გათვალისწინებით სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ დაბადების მოწმობებში ტყუპების დაბადების თარიღებს შორის 10-დღიანი ინტერვალი დაფიქსირდა. 


მოსარჩელე მხარემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაზეც მას ეთქვა უარი. 


მოპასუხე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.


სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შესწავლის,  მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც იცავს დედათა და ბავშვთა უფლებებს. ასევე, გაიზიარა ”ბავშვის უფლებების შესახებ” გაეროს კონვენცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის საუკეთესო უფლებების ინტერესები, კერძოდ, გაითვალისწინოს მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მასზე პასუხისმგებელი სხვა პირების უფლება-მოვალეობანი  და ამ მიზნით მიმართოს ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის ცნობაც, რომლის მიხედვითაც, დაბადების თარიღებში სხვაობა საზოგადოებისათვის გაუგებარი იქნებოდა, წარმოშობდა არაერთ კითხვას, რაც ხელს შეუშლიდა ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციას და საფრთხის შემცველი იქნებოდა მათი ბიო-ფსიქო-სოციალური ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაავალა მოპასუხე მხარეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ცვლილება შევა ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში და ტყუპების დაბადების დაბადების თარიღად ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება. “


მასალების გადაბეჭდვის წესი