რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში, კორონავირუსის გამო მოწყობილი კარანტინიდან პაციენტი გაექცათ. მის წინააღდმეგ საავდმყოფოს ექიმმა სასამართლოს მიმართა და ადმინსიტრაციული საქმის წარმოება მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მედიასაშუალება “მედუზა” ავრცელებს.
საავადმყოფოს განცხადებით, კარანტინის წესების დარღვევა არის ხულიგნობა და გაქცეულმა პაციენტმა სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი.
როგორც კორონავირუსის კარანტინიდან გაქცეულმა პაციენტმა ალა ილინამ “მედუზას” უთხრა, ჩინეთიდან იანვრის ბოლოს დაბრუნდა და თავი მალევე იგრძნო შეუძლოდ, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მოგვიანებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ილინა სპეციალურად მოწყობილ კარანტინში მოათავსეს, თუმცა შენობა ფანჯრიდან, უნებართვოდ დატოვა. ამის ოფიციალურ მიზეზად გაქცეული პაციენტი კარანტინში არსებულ გაუსაძლის ჰიგიენურ პირობებს ასახელებს.
12 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის გარდაცვლილთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 1300-ს გადაჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 60 ათასს მიაღწია.