ახალი ამბები

ოპონენტების გასაჩუმებლად სასამართლოს გამოყენება არ შეიძლება – Renew Europe

12 თებერვალი, 2020 • 1416
ოპონენტების გასაჩუმებლად სასამართლოს გამოყენება არ შეიძლება – Renew Europe

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe, რომელიც ლიბერალურ, პროევროპულ პარტიებს აერთიანებს, აცხადებს, რომ გმობს საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერ გიგი უგულავასთვის 38 თვით პატიმრობის შეფარდებას ძველი სამართალდარღვევისთვის, რომლისთვისაც მსჯავრი მოიხადა.

“ეს ძალიან სამწუხარო ნიშანია იმ უკუსვლისა, რომელსაც საქართველო განიცდის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით, რადგანაც სასამართლოები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და დაიცვას კანონის უზენაესობა”, – ნათქვამია Renew Europe-ს განცხადებაში.

Renew Europe-ის პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს:

“ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველო იყო მოწინავე ევროკაავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, გამოიჩინოს კეთილი ნება და ღიაობა და სრულად ჩაერთოს ოპოზიციასთან პოლიტიკურ დიალოგში”.

რუმინელი ევროპარლამენტარის, რამონა სტრუგარიუს თქმით, გასული წლის დეკემბერში თბილისში გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დროს ოპოზიციამ მათ გადასცა საპროტესტო აქციებისას დაკავებულების 80-კაციანი სია.

“ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ნათლად დავანახოთ, რომ არსებული სიტუაცია მიუღებელია. ოპოზიციის ხმა არ უნდა იქნას ჩახშობილი, ხოლო რეფორმები, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გატარდეს დიალოგის გზით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დროს მმართველმა პარტიამ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ ეს დიალოგი შესაძლებელია. ბოლოდროინდელი მოვლენები, ვშიშობ, საწინააღმდეგოს ამტკიცებს და აუარესებს გარემოს სათანადო დიალოგისთვის, მათ შორის, ევროპულ ინსტიტუტებთან”, – აცხადებს დეპუტატი.

Renew Europe-ის ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, ბერნარდ გიეტას (საფრანგეთი) თქმით:

“შემაშფოთებელია იმის გაგება, რომ პოლიტიკური ფიგურა შეიძლება დაპატიმრებულ იქნას საქართველოში, რადგან საქართველო არ არის დიქტატურა, არამედ დემოკრატიაა. ჩვენ გვინდა მხარი დაგიჭიროთ, როგორც მეგობრებს. ნუ დაგვაკარგინებთ თქვენს იმედს”.

დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრი, ევროპარლამენტარი კარენ მელქიორი დასძენს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

“ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახლო ურთიერთობა შენარჩუნდება და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში და ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას”, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი