კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედროების მიერ საზღვრის აღმნიშვნელი აბრების აღმართვის გამო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ზოლის გაფართოების მორიგ ფაქტს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანში ე.წ. გამყოფმა ხაზმა 300 მეტრით, ხოლო წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრნახევრით გადმოიწია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველად მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების, ღობეების და მიწათხრილების მშენებლობა ე.წ. საზღვრის მონიშვნის მიზნით 2008 წლიდან პერიოდულად მიმდინარეობს. 2013 წლიდან პროცესი გააქტიურდა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა მათ კუთვნილ რამოდენიმე ათეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, საცხოვრებელ სახლებზე, მათ შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და წვდომა რელიგიურ ნაგებობებსა და სასაფლაოებზე. ჯამში, მავთულხლართებმა გამყოფ ხაზთან მდებარე 25-მდე სოფელი დააზარალა.
აღსანიშნავია, რომ მავთულხლართებით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობის და საოკუპაციო ზოლში მოხვედრილი საქართველოს ტერიტორიის მოცულობის შესახებ სახელმწიფო უწყებებიდან საიასთვის მიწოდებული ინფორმაცია არათანმიმდევრულია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც დამუშავებული იქნება შესაბამისი ინფორმაცია.
მავთულხლართების მშენებლობის შედეგად დაირღვა საქართველოს მოქალაქეთა საკუთრების, საცხოვრებლის და გადაადგილების თავისუფლების უფლებები. წინასწარ მონიშნულ ადგილებზე საოკუპაციო ზოლის შემდგომი გაფართოების შემთხვევაში ასეულობით საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელს და საარსებო წყაროს შეექმნება საფრთხე.
საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეშვეობით ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიერ საზღვრის უკანონო მშენებლობის შეჩერებას და ოკუპანტის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საიამ 2014 წლის აპრილში ქარელის რაონის სოფელ დვანში მავთულხლართებით დაზარალებული 19 პირის სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა, ხოლო 2015 წლის თებერვალში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რუსეთის ფედერაციის მოსმენაზე, ალტერნატიული ანგარიში წარადგინა ალტერნატიული ანგარიში. მიუხედავად ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საიას რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებისა, კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას მავთულხლართების უკანონო მშენებლობის შეწყვეტისკენ არ მოუწოდა.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას ერთიანი ბაზა საოკუპაციო ზოლის გაფართოების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, საოკუპაციო ზოლში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო მიწების და საცხოვრებელი სახლების რაოდენობის და მოსახლეობისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის გამოსათვლელად. საია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად.”