ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის განმარტება სასაზღვრო ნიშნების განლაგებასთან დაკავშირებით

14 ივლისი, 2015 •
ცხინვალის განმარტება სასაზღვრო ნიშნების განლაგებასთან დაკავშირებით

10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და  ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს რუსეთის სამხედრო ძალებმა, რასაც ქართული მხარე უკანონოს უწოდებს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები. განხორციელებული  ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

 

“საუბარი ეხება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის ნაწილებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სოფლების, ორჭოსანის და წინაგარის სამხრეთით  მდებარეობს. როგორც სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთი სასაზღვრო ნიშანი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზეა, არ კვეთს სუვერენული ტერიტორიის საზღვარს”, – განაცხადა გაგლოიტმა.

 

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მიმართ საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროგრამას ახორციელებს. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ცხინვალის, ზნაურის და ლენინგორის რაიონებში 1 ივლისიდან დაგეგმილი სამუშაოები განაახლა და საინფორმაციო ნიშნები განათვსა ოსეთ-საქართველოს საზღვარზე.

 

“სამრეთ ოსეთის შესაბამისმა ორგანოებმა საზღვრიდან 50-100 მეტრის დაშორებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი საინფორმაციო ნიშნები განათავსეს. ნიშნები განთავსდა ბალთასა და წნელისში, რომლებიც ზნაურის რაიონს მიეკუთვნება, ორჭოსანსა და წინაგარში, ლენინგორის რაიონში. ასევე აღადგინეს დაზიანებული ნიშნები სოფელ დისევში, ცხინვალის რაიონში და სოფელ იონჩაში, ზნაურის რაიონში”,- ნათქვამია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო “რესი” ავრცელებს. 

 

ხოხ გაგლოიტი ასევე საუბრობს ბაქო-სუფსის მილსადენის იმ ნაწილზე, რომელიც სასაზღვრო ნიშნების განლაგების შედეგად სამხრეთ-ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხვდება და ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების შეშფოთება ნავთობსადენის სრულფასოვან მუშაობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა: 

 

” ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი, რომელიც სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე გადის, მისი ინსტალაციის დღიდან სათანადოდ მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ბაქო-სუფსის მომსახურეობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება, ოპერატორ კომპანიას “ბრითიშ პეტროლიუმს” შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი გაკეთდება ნავთობსადენის  სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის”- ამბობს გაგლოიტი. 


ბაქო-სუფის ნავთობსადენის მთავარმა აქციონერმა (BP) ბრიტიშ პეტროლიუმმა უკვე მოამზადა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ნავთობსადენის იმ მონაკვეთების მარშრუტის შეცვლა იგეგმება, რომელიც თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
  

მასალების გადაბეჭდვის წესი