პრევენციის ცენტრის ცნობით, სოციალური საწარმო ორი სახის საქმიანობას განახორციელებს: ავტომანქანების რეცხვა და კაფეტერიის ფუნქციონირება.
მათი განცხადებით, ავტოსამრეცხაო თბილისის იუსტიციის სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომის ტერიტორიაზე განთავსდება და იუსტიციის სახლში მოსულ მომხმარებელს, ძირითადი სერვისის მიღების პარალელურად, ხელმისაწვდომ ავტოსამრეცხაო სერვისს შესთავაზებს; კაფეტერია კი თბილისის იუსტიციის სახლის მეორე სართულზე მოეწყობა და საკვები პუნქტის მომსახურებას გაუწევს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს.
რაც შეეხება კადრებს, პრევენციის ცენტრის განცხადებით, სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი, ავტოსამრეცხაოსა და კაფეტერიაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე მზარეული და ბუღალტერი პროფესიული ნიშნით შეირჩევიან, ხოლო დამხმარე პოზიციებს ორივეგან დანაშაულის პრევენეციის ცენტრის ბენეფიციარი ყოფილი პატიმრები დაიკავებენ.
საწარმოში პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ოცდაათი ბენეფიციარი დასაქმდება. ბენეფიციარები დანაშაულის პრევენციის ცენტრში მოქმედი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამიდან” შეირჩევიან, სოციალური მუშაკების დახასიათებისა და რეკომენდაციის საფუძველზე.
კერძოდ, ცენტრის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გასაუბრების შედეგად გამოავლენს წარმატებულ კანდიდატებს; საწარმოს წარმატების შემთხვევაში, “ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის” ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ.
ცენტრის ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საგრანტო პროექტს 87 000 შვეიცარიული ფრანკით აფინანსებს. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა 22 თვე.
საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა” 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.