ახალი ამბები

“ოცნება” ოპოზიციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიალოგს

12 თებერვალი, 2020 •
“ოცნება” ოპოზიციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიალოგს

“ქართული ოცნება” ოპონენტებს მოუწოდებს, “შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება” და საარჩვენო სისტემაზე დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს, 12 თებერვალს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას და თქვა, რომ აშშ დიალოგისკენ მოუწოდებს როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას.

“ვუერთდებით აშშ-ის საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიერ გამოტანილი განაჩენის და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს. ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში და დეესკალაციის თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის ინდულგენცია და თავშესაფარი ვერ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, “ქართული ოცნების” გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირება უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი იყოს. აღნიშნა, რომ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე, პირველ რიგში ,”ოცნების” გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს და ამ კონტექსტში ბათუმის მერის, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარისა და ზუგდიდის მერის გასამართლება დაასახელა.

“ოპონენტების კრიტიკა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავას უფლება სასამართლოში დაირღვა, შეუძლიათ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ”, – დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი