ამ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურამ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
”ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით სიდამონიძე, რომელიც თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევას.
სხვადასხვა დროს, 2010-2011 წლებში, დიდუბე – ჩუღურეთის პოლიციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: გიორგი რეხვიაშვილი, პარსამ ზალიანიანი და შმაგი რატიანი.
შსს მაღალჩინოსანი დავით სიდამონიძე თავისთან იბარებდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვდა პოლიციისა და პროკურატურისთვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.
პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ გიორგი რეხვიაშვილის ოჯახის წევრებმა 28 000 აშშ დოლარად შეიძინეს “მერსედეს-ბენც ML 350” ავტომობილი, ხოლო 30 000 აშშ დოლარად “ჰიუნდაი სონატა”.
ბრალდებულ შმაგი რატიანის და პარსამ ზალიანიანის ოჯახის წევრებმა კი „ფოლკსვაგენის“ცენტრში შეიძინეს 61200 ლარად და 31 000 აშშ დოლარად ღირებული „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა. ხსენებული ა/მანქანები კი გადაფორმდა შსს და პროკურატურის სახელზე და მისით სარგებლობდნენ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები.
აღსანიშნავია, რომ დავით სიდამონიძემ სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის სამივე ეპიზოდი და განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა, მათი ჩუქების გზით მიღება, იყო იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დამკვიდრებული მანკიერი პრაკტიკა, რითაც ბოროტად სარგებლოდნენ პოლიციის და პროკურატურის თანამდებობის პირები.
ასევე, მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის, ჩვენ მიერ მხილებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ გივი თოდაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გასცა მითითება კუდის ბაზაზე გადაეყვანათ ბრალდებულის კუთვნილი „რენჯ როვერის“ და „კრაისლერის“ მარკის ავტომობილები, რომელთა დათმობის სანაცვლოდაც შემდგომში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას დაეკისრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 195 000 ლარი. ჩამორთმეული ა/მანქანებიდან ერთ-ერთით, კერძოდ კი ,,კრაისლერის“ მარკის ა/მანქანით სარგებლობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია.
დანაშაულში მხილებული მესამე საჯარო მოხელე კი წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ყოფილ თანამდებობის პირს, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმა ირაკლი მახარაშვილმა დათმო და მიატოვა სოფელ დიღომში მდებარე 357 000 დოლარის ღირებულების 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე.
აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო ხსენებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 5 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ხუთივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ შსს, პროკურატურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი 6 ა/მანქანა და ერთი უძრავი ქონება.
ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა” – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.