ახალი ამბებიკომენტარი

„უთხარი შენს მშობლებს, რომ არ გინდა გათხოვება“ – წერილი არასრულწლოვან მსხვერპლს 

11 თებერვალი, 2020 • 11342
„უთხარი შენს მშობლებს, რომ არ გინდა გათხოვება“ – წერილი არასრულწლოვან მსხვერპლს 

ავტორი: ნაზ ახმედოვა, მარნეული
სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლა, მე-12 კლასი

ჩემო კარგო, როგორ ხარ?! მე ნაზი ვარ. უკვე სამი წელია, რაც არ გვინახავს ერთმანეთი. იცი, როგორ მომენატრე?! როგორ მინდა, შენთან ვიყო. ჩემო ძვირფასო მეგობარო, დღეს გავიგე შენი ამბავი. ძალიან განვიცადე, რადგან ასეთი ამბავი პირადად მეც გადამხდა. დამიჯერე, შენ უარის თქმა შეგიძლია. ნუ გეშინია!

იცი, ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, რომ უმაღლესში გამეგრძელებინა სწავლა, რადგან სოფლის მოსახლეობა ცუდად უყურებს იმ გოგონებს, რომლებიც ქალაქში მიდიან სასწავლებლად, მაგრამ მე არ დამიკარგავს არასდროს იმედი. მივყვებოდი ჩემი ბავშვობის ოცნებას, გავმხდარიყავი პოლიციელი. 17 წლის ვიყავი, ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტურ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და მომავალს ვგეგმავდი… მაგრამ პირველ გამოცდამდე ორი თვით ადრე რუსეთიდან ჩამოვიდა ვიღაც დასაქორწინებელი მდიდარი ბიჭი, რომელსაც მანამდე ქორწილში ვუნახავვარ და მოვწონებივარ. ის 30 წლის იყო, მე კი – 17 წლის მიზანდასახული და მეოცნებე გოგონა, რომელიც კარიერასა და წარმატებაზე ფიქრობდა. თითქმის ყოველდღე ჩამოდიოდნენ მისი ნათესავები ჩვენთან ელჩებად, მე უარს ვეუბნებოდი, მაგრამ მაინც მოდიოდნენ.

ეს ბიჭი ძალიან მდიდარი იყო, რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული, ამიტომ ჩემი ნათესავები და მეზობლები სულ მეუბნებოდნენ, რომ კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, რადგან ასეთი შანსი შეიძლება მეორედ აღარ მომცემოდა ცხოვრებაში. მე სულ ვტიროდი, რადგან ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი საყვარელი ადამიანები, მხარს არ მიჭერდნენ. დედაჩემი და მამაჩემი სულ დუმდნენ, რაც ბიჭის შემოთავაზებაზე თანხმობას ნიშნავდა, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ჩემი და იყო ჩემ გვერდით, მას ვუზიარებდი ჩემს დარდს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე უმცროსია, მეხმარებოდა, მამხნევებდა და ძალას მაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიდარდე, ვიტირე და ვიუარე, მშობლებმა ძალით დამნიშნეს ჩემზე 13 წლით უფროს ადამიანზე, რომელსაც, ფაქტობრივად, არ ვიცნობდი.

ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი. თითქმის ყველაფერი მზად იყო. წარმოიდგინე, მე რა მდგომარეობაში ვიყავი. 3 დღეც და ჩემი გაფერადებული ცხოვრება სულ ჩაშავდებოდა, ჩემი ოცნებები ნელ-ნელა, მიყოლებით დაიმსხვრეოდა და მე აღარ ვიქნებოდი პატარა, უდარდელი და ხალისიანი გოგონა. ვერაფერს ვცვლიდი, მხოლოდ ვტიროდი.

გავიდა ეს 3 დღეც. 3 საათზე ქორწილი უნდა დაწყებულიყო. დილით კაცმა, რომელზეც მათხოვებდნენ, სალონში წამიყვანა. სამის ნახევარზე მოვიდნენ ბიჭის მხრიდან სტუმრები. გარეთ ზურნისა და დავულის ხმები ისმოდა, ყველა ცეკვავდა, მხიარულობდა, მე კი თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. ბიჭის ნათესავებს მოჰქონდათ ოქროები და სხვა ძვირადღირებული საჩუქრები ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. ყველა ამბობდა, რომ იღბლიანი გოგო ვარ, რადგან ბიჭის მხარემ ამდენი ძვირფასი საჩუქარი მოგვიტანა. ჩემ გარშემო ცეკვავდნენ, თავზე ფულს მაყრიდნენ, მე კი ვტიროდი.

სწორედ ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და უფლებადამცველები. არავინ იცოდა, რა ხდებოდა. მეც არ ვიცოდი, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ ისინი დამეხმარებოდნენ, მათ ზევით ამიყვანეს და მეკითხებოდნენ, ჩემი სურვილით ვთხოვდებოდი თუ არა. მე ვერაფერს ვამბობდი, მეშინოდა, რომ მამაჩემს დაიჭერდნენ, თუ არას ვიტყოდი. დედაჩემი და მამაჩემი ისე მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ: „შვილო, რას აკეთებ, თავი არ შეირცხვინო, სოფლის მოსახლეობა რას იტყვის?! ნუ შეგვარცხვენ ხალხში“. ისინი ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ უფროსებმა მეტი იციან, ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ და როგორც გვეტყვიან, ისე უნდა მოვიქცეთ, ამიტომაც მეშინოდა, არასწორი ნაბიჯი არ გადამედგა.

საბოლოოდ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ასეთი მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებმა არ უნდა მიიღონ ჩემ მაგივრად. მე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი იმ ბიჭის გვერდით, ძალა მოვიკრიბე და პოლიციელებს ვუთხარი, რომ ძალით მათხოვებდნენ.

ჩემი და იმ ბიჭის ოჯახები დააჯარიმეს არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინებისთვის.

მე ბავშვთა დამცველ დაწესებულებაში წამიყვანეს საცხოვრებლად. სახელმწიფომ უნივერსიტეტში სწავლა დამიფინანსა და მუშაობაც დავიწყე მათი დახმარებით. ახლა არავის დახმარება არ მჭირდება. მე თავად ვაკეთებ ყველაფერს და მყარად ვდგავარ.

ჩემო საყვარელო, ცხოვრებისგან ვისწავლე, რომ არ უნდა შეგვეშინდეს არაფრის. შენ ხარ ძლიერი, დაგეგმე შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდა, უთხარი შენს მშობლებს, რომ არ გინდა გათხოვება, დამიჯერე, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. შენ უნდა აჩვენო ყველას, რომ არაფრის არ გეშინია, ისე, როგორც ეს მე გავაკეთე. შენ მხოლოდ შენი ოცნებების ასრულებაზე იფიქრე, არავის მისცე შენი ბავშვობის ოცნებების დამსხვრევის უფლება, მალე ყველაფერი დალაგდება.

ვიცი, როცა წაიკითხავ ამ წერილს, ეს ყველაფერი შენთვის სიზმარივით იქნება, დაუჯერებელი და შეუძლებელი, მაგრამ იცოდე , რომ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია! ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. გადადგი ნაბიჯი შენი მომავლისთვის!

ძვირფასო, მიყვარხარ! სწრაფად მომწერე!

______

კონკურსის შესახებ:

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ (NCCE) საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე წერილების კონკურსი გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ. მარნეული ნაზი ახმედოვა ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი