ახალი ამბები

სატრანსპორტო სფეროში შემცირებული ინვესტიციები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – კვლევა

11 თებერვალი, 2020 • 1816
სატრანსპორტო სფეროში შემცირებული ინვესტიციები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – კვლევა

“სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ არის შემცირებული”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia”-ს მიერ გამართულ “სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევის” პრეზენტაციაზე, “HUB Georgia”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს მთავრობამ მიიღო 750 ათასი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, შეემუშავებინა სატრანსპორტო სექტორის განვითარების სტრატეგია, დღეს ქვეყანას არ გააჩნია სატრანსპორტო პოლიტიკა, შემუშავებული დოკუმენტი კი ეკონომიკის სამინისტროში უფუნქციოდ თაროზეა შემოდებული”, – განმარტავს ვასო ურუშაძე.

ურუშაძის თქმით, ინფრასტრუქტურულის საერთო მდგომარეობით, საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით, 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. გარდა ამისა, მისი განმარტებით, შეჩერებულია ათობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო რეიტინგზე.

კვლევის მიხედვით, ასევე გამოვლინდა, რომ განსაკუთრებულად ცუდი მდგომარეობაა რკინიგზის მიმართულებით, სადაც, 2012 წელთან შედარებით, 57%-ით არის შემცირებული სატრანსპორტო გადაზიდვები. საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი კი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით არის შემცირებული, რაც საქართველოს ეკონომიკაში “შავი ხვრელის” როლს ასრულებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების დონე არცთუ ისეთი მაღალია, არსებულ მდგომარეობას რკინიგზის განვითარების დონე ერთი საუკუნით ჩამორჩება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების გარეშე. წარმოუდგენელია, ქვეყანა Doing Business-ის რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და, ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოვრჩებოდეთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი, მაშინ, როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს“, – განმარტა ვასო ურუშაძემ.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ასევე გამოიკვეთა, რომ საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ვერ იყენებეს საკუთარ პოტენციალს, რის შედეგადაც დსთ-ის ქვეყნებში მხოლოდ ყირგიზეთს უსწრებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის თანაფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან და ჩამორჩება სომხეთს, მოლდოვას, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, ბელორუსიას, უკრაინას, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და რუსეთს.

პრობლემების აღმოსაფხვრელად კი კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციებიც:

  • საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთზე – სატრანსპორტო დერეფნის სტრატეგიით განსაზღვრული საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების ხელშეწყობა, დერეფნის მთელ სიგრძეზე დანერგილ გადაზიდვების ტექნოლოგიურ პროცესში სრულფასოვანი ჩართვა;
  • საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთზე – დერეფანში დადგენილ ერთიანი სატარიფო და სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში სრულფასოვანი ჩართვა;
  • დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად სატრანსპორტო დერეფნის მთელ სიგრძეზე გავრცელებული მოქნილი სატარიფო განაკვეთების საქართველოს სატრანზიტო მონაკვეთზე გავრცელებაში ხელშეწყობა;
  • საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში ავტორებმა შეისწავლეს 15 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა, რათა ორგანიზაციის ექსპერტებს ჰქონოდათ სხვა ქვეყნებში არსებულ რეალობასთან პარალელების გავლების შესაძლებლობა.

ასევე, კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაბალია საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელიც, რის მიზეზადაც კვლევის ავტორები პოტენციური კლიენტებისთვის სათანადო პირობების არქონასა და მასთან მიმართებაში ტარიფების სიძვირეს ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი