„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში მიიყვანეს. მანამდე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში დაიბარეს დასაკავებლად, სადაც უგულავა თავისი ფეხით მივიდა.
შსს-სთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ტაშით და შეძახილებით გააცილეს.
“ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სისტემა”, – განაცხადა უგულავამ შსს-ში შესვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გარეკანის ფოტოზე: სკრინშოტი „ტელეკომპანია პირველი-ს“ ეთერიდან.