10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს რუსეთის სამხედრო ძალებმა, რასაც ქართული მხარე უკანონოს უწოდებს.
“საგულისხმოა, რომ აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ უკანონო ქმედებას, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მიიღოს ზომები მის აღსაკვეთად და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებთ გაეროში, ეუთოში, გამოვიყენებთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ბერკეტს იმისათვის, რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.