“გარდიანთან” საუბარში ბაბიცკი ამბობს, რომ დასავლური მედია არასამართლიანად აშუქებს უკრაინის კონფლიქტს, ფოკუსირებულია რუსეთის აგრესიაზე და იგნორირებული აქვს ადგილობრივი კონტექსტი.
ამიტომაც ის დონეცკში, საიდანაც ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი იძულებით წავიდა, ტელევიზიას ქმნის, რომლის სახელწოდებაც “დიალოგი იქნება”.
ბაბიცკი 6 ჟურნალისტის დაქირავებას და სატელევიზო არხის გაშვებას ერთ თვეში გეგმავს. ის უარყოფს რაიმე კავშირს თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და ამბობს, რომ პროექტს ადგილობრივი ბიზნესმენი აფინანსებს.
“გარდიანთან” საუბარში ბაბიცკი მის ახალ პროექტს “დამოუკიდებელ არხს” უწოდებს, “რომელიც ახალ ნიშას დაიკავებს”.
ჟურნალისტი, რომელიც რადიო “თავისუფლებაში” თითქმის ოცი წელი მუშაობდა , “გარდიანთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გასულ წელს მისი ერთ-ერთი სტატია, რომელშიც მხარი დაუჭირა პუტინის მიერ ყირიმის ანექსიას, “რადიო თავისუფლებასთან” დაპირისპირების მიზეზი გახდა. გარდიანი მიუთითებს, რომ სტატიაში ბაბიცკი არ ახსენებს ყირიმის ანექსიას და მიაჩნია, რომ პუტინის გადაწყვეტილება არის ყირიმის მოსახლეობის დახმარება.
ანდრეი ბაბიცკი რადიო თავისუფლებიდან 2014 წლის სექტემბერში დაითხოვეს. ის ჯერ გადააყენეს რადიო “ეხო კავკაზას” მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან, შემდეგ კი დაითხოვეს. ჟურნალისტი ბრიტანულ გამოცემასთან ამბობ,ს რომ ამის მიზეზი მისი მოსაზრებები გახდა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, რასაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრესსპიკერი სიცრუეს უწოდებს და “გარდიანთან” კომენტარში აცხადებს, რომ დათხოვნას ასევე კავშირი არა აქვს უკრაინაში მიმდინარე პროცესების გაშუქებასთან.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ანდრეი ბაბიცკის დათხოვნის მიზეზი მართლაც მისი სტატია გახდა, რომელშიც წერდა, რომ ემხრობა პუტინის პოლიტიკას უკრაინაში, თუმცა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დღემდე საჯაროდ უარყოფს ამას და მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებს.