ახალი ამბები

იმედია, საქართველო რაც შეიძლება მალე გააუქმებს შეზღუდვებს – ჩინეთის ელჩი

10 თებერვალი, 2020 •
იმედია, საქართველო რაც შეიძლება მალე გააუქმებს შეზღუდვებს – ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანმა დღეს, 10 თებერვალს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე შეძლებს ჩინეთის მიმართ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას:

“საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს არ აქვს ზემდეტი ნერვიულობის მიზეზი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, საქართველო რაც შეიძლება მალე გააუქმებს ამ გვერდით ზომებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩვეული მიმოსვლისა და შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას, ყველა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას”, – განაცხადა ლი იანმა.

გარდა ამისა, ლი იანის განმარტებით, ახალი კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენები არ დააზიანებს ჩინეთის ეკონომიკას, ამის დასტურად კი მან 2002 წელს გავრცელებული კორონავირუსი მოიყვანა, რომლის გავრცელების მიუხედავად, ამ წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა.

საქართველოში ჩინეთის ელჩის თქმით, 10 თებერვლის მონაცემებით, უკვე მეოთხე დღეა, რაც ჩინეთის გარეთ არცერთ ახალ რეგიონსა და ქვეყანაში კორონავირუსი არ დადასტურებულა. რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთს, იანის განმარტებით, მეექვსე დღეა, რაც ჰუბეის პროვინციის გარეთ, სხვა პროვინციებში, ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, 2 თებერვლიდან კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ ლი იანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საკვანძო ადგილებში ეპიდემიის პრევენციული სამოშაოების ჩატარება საერთო სურათის გაუმჯობესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

“ქალაქ ვუჰანში და ჰუბეის პროვინციაში, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით მძიმეა, 23 იანვრიდან დროებით შეჩერდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ასევე, დაიკეტა ვუჰანსა და სხვა ქალაქების დამაკავშირებელი გზებიც, კონტროლდება ჰუბეის პროვინციის მაცხოვრებელთა გადაადგილება. ამ ყველაფრის მიზანია ინფექციის წყაროს მკაცრი კონტროლი და შეფერხება. ამ გადამწყვეტი ზომების წყალობით, ჰუბეის პროვინციის გარდა, სხვა პროვინციაში ეპიდსიტუაცია არ გამწვავებულა”, – განაცხადა ლი იანმა.

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისები დროებით, რამდენიმე კვირით შეზღუდა. გარდა ამისა, ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი