სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს “ტექრეისერსის” ფაქტობრივი მფლობელი დააკავა, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირი მისცა.
სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ყოფილ უფროსს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ხოლო “ტექრეისერსის” ფაქტობრივ მფლობელს- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით,სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34 550 ლარით გაზრდილ ფასად შპს “ტექრეისერსისგან” შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერსის” დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.
ასევე, “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში” სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით, მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.