ახალი ამბები

მღებრიშვილი: ციხეებში მსჯავრდებულები საშიშიროების რისკის მიხედვით გადანაწილდებიან

10 ივლისი, 2015 •
მღებრიშვილი: ციხეებში მსჯავრდებულები საშიშიროების რისკის მიხედვით გადანაწილდებიან

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა ინერგება, რაც უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება.

 

“ის მსჯავრდებულები, რომლებიც მუდმივად არღვევენ წესრიგს, არიან კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილები და საფრთხეს უქმნიან სხვა მსჯავრდებულებს, განთავსდებიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, სადაც მათ სასჯელის მოხდის მკაცრი პირობები განესაზღვრებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ორიენტირებულები არიან რეაბილიტაცია – რესოციალიზაციაზე, დაბალი რისკის და, შესაბამისად, მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში განთავსდებიან,” – განაცხადა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას პიროვნების, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკის მიხედვით. მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.

 

მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებულ და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს.

 

მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან.

 

კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული – დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული – განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი