ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დამწვარი დროშა – ინცინდენტები აზერბაიჯანში და საქართველოში გამართულ საფეხბურთო მატჩებზე

10 ივლისი, 2015 •
დამწვარი დროშა – ინცინდენტები აზერბაიჯანში  და საქართველოში გამართულ  საფეხბურთო მატჩებზე

“გაბალა”- “დინამოს” მატჩზე, რომელიც 9 ივლისს გაიმართა, მასპინძლებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ მინიმუმ ანგარიშით 1:0. ანგარიში 88-ე წუთზე გახსნა სერგეი ზენევმა, საბოლოოდ კი მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ შედეგით “გაბალა” მისი არსებობის ისტორიის მანძილზე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად მოხვდა. გამოცემის ცნობით, მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, “გაბალას” გულშემატკივრებმა მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს, და მოიტანეს პლაკატები, სადაც ბოლნისი, რუსთავი და მარნეული აზერბაიჯანული დასახელებებით ეწერა.


 მანამდე “დინამო” და “გაბალა” 2 ივლისს საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც “დინამომ” ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.


“კავკაზსკი უზელის” ცნობითვე, “დინამო” – “გაბალას” მატჩის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა ფეხით გათელეს აზერბაიჯანის დროშა, რომელიც ნაცემი აზერბაიჯანელი გულშემატკივრებისგან აიღეს, ასევე მატჩის განმავლობაში ქართველმა გულშემატკივრებმა გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ აზერბაიჯანის ორი რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა. 


აღნიშნულის გამო 3 ივლისს თბილისის “დინამომ”  განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს 2 ივლისს მომხდარ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და  აზერბაიჯანის სიმბოლიკის (დროშის) შეურაცხყოფას. კლუბის განცხადებით,  ინფორმაციის თანახმად, მოვლენები დინამო არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და დინამო თბილისი, როგორც ორგანიზატორი მხარე, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.


მატჩი გაბალა- დინამო ფოტო apa-az
მატჩი გაბალა- დინამო ფოტო apa-az


2 ივლისს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქათველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.


“მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის 4 ივლისის განცხადებაში.


“კავკაზსკი უზელი” კი წერს, რომ საქართველოში გამართული მატჩის მსგავსად არც აზერბაიჯანში გამართულ მატჩს ჩაუვლია ინცინდენტების გარეშე. “გაბალას” გულშემატკივრებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები ინგლისური ნაწერებით “ბორჩალოსათვის – ძველი აზერბაიჯანული მიწისთვის”, “სარვანი და არა მარნეული”,”ბოსტანდერე და არა რუსთავი”, “გარატეპე და არა გარდაბანი”. მათ ასევე ჰქონდათ რუკა, სადაც აღნიშნული ტერიტორიები აზებაიჯანის საზღვარში შედიოდნენ. პოლიცამ ეს პლაკატები გულშემატკივრებს გამოართვა.  თამაშის მეორე ტაიმში “გაბალას” გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა დაწვეს. საქართველოდან ჩასული 50-მდე გულშემატკივარი პოლიციამ სპეციალური გასასვლელით გაიყვანა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი