ლეილა იუნუსის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს იუნუსების საქმეზე წინასწარი გამოძიება დასრულდა. 2 ივლისს კი ბრალდებულები და მათი ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნენ. ხოლო 3 ივლისს საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. ადვოკატ ელჩინ გამბაროვის თქმით, სახელმწიფოს ღალატის ბრალდება ცალკე საქმედაა გამოყოფილი, სასამართლოს წინაშე კი ისინი ეკონომიკური ბრალდებებით წარსდგებიან.
მისივე თქმით, 13 ივლისს მოსამართლე აფღან გაჯიევი იქნება. ადვოკატმა განაცხადა, რომ ლეილა იანუსის მდგომარეობა გაუარესებულია.
“უკვე 2 დღეა საკანში, რომელშიც ის იმყოფება, აუტანელი სიცხეა, ტემპერატურა თითქმის 50 გრადუსს აღწევს. ომბუდსმენის მიერ ნაჩუქარი გამაგრილებელი გაფუჭდა. ჩვენი თხოვნა ახალი გამაგრილებელის გადმოცემის შესახებ უგულებელყოფილია, ლეილა იუნუსი ამას როგორც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას აფასებს, მისი და სხვა პატიმრების მდგომარეობა აუტანელი გახდა”,- თქვა მან.
იუნუსები სასამართლოს წინაშე 178.3.2 მუხლით (თაღლითობა დიდი ოდენობით ზარალის მიყენებით) გათვალისწინებული ბრალდებით წარდგებიან, რომელიც შვიდიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლეილა იუნუსს 178.3.2. მუხლის (თაღლითობა) გარდა წარდგენილი აქვს ბრალდება 274 მუხლის (სახელმწიფო ღალატი), 192.2.2 მუხლის (უკანონო საქმისწარმოება), 213.2.2 მუხლის (გადასახადებისგან თავის არიდება) და 320.1. და 320.2 მუხლების (დოკუმენტების ფალსიფიკაცია) თანახმად.
რაც შეეხება არიფ იუნუსს, სახელმწიფო ღალატში ბრალდება მის მიმართაც ცალკე სამართალწარმოებადაა გამოყოფილი. ეკონომიკური მუხლების დარღვევისთვის სასამართლოს წინაშე ცოლ-ქმარი ერთად წარსდგება.
ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს. მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.
![]() |
|
|

