ახალი ამბები

ადვოკატი: ვიდეოჩანაწერი, რომელიც ლიკა კიკიანის ინციდენტს ასახავს, აღარ არსებობს

9 ივლისი, 2015 •
ადვოკატი: ვიდეოჩანაწერი, რომელიც ლიკა კიკიანის ინციდენტს ასახავს, აღარ არსებობს

როგორც იურისტმა ნეტგაზეთს უთხრა, სისტემაში მხოლოდ 8 ივლისის კადრებია შენახული, ლიკა კიკიანთან დაკავშირებული ინციდენტი კი 6 ივლისის ღამეს მოხდა.

 

ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, ვინმემ განზრახ წაშალა კადრები, სერვერი დაზიანდა, თუ რა მოხდა. მისი განმარტებით, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

 

დღეს დილით ადვოკატმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ლიკა კიკიანმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, კუს ტბის ავტოსადგომის ადმინისტრაცია მათ უარს ეუბნებოდა გარე კამერების ჩანაწერების გადაცემაზე და საჭირო იყო, რომ პროკურატურა საქმეში დაუყოვნებლივ ჩართულიყო.

 

“გუშინ ღამის 12 საათამდე ვიყავით კუს ტბის ადმინისტრაციაში, ის ვიდეომასალა, რაც შსს-მ გაავრცელა, საერთოდ არ აღწერს უშუალოდ შემთხვევის ადგილს… შემთხვევის ადგილს აბსოლუტურად სხვა ვიდეოკამერა იღებდა, რომლის მიერ გადაღებული ვიდეომასალის ამოღებაც გვინდოდა, თუმცა იმ პირმა, ვისაც იჯარით აქვს აღებული ის ტერიტორია, უარი განგვიცხადა. შემდეგ გამოვიძახეთ გენინსპექცია, ვინაიდან სწორედ მის წარმოებაშია ეს საქმე, და ველოდებოდით მათ, მაგრამ გენინსპექციამ უარი გვითხრა, ჩვენ მოკვლევა დავასრულეთო და ეს საკითხი აღარ გვეხებაო.

 

დღეის მდგომარეობით ახლა სიტუაცია არის ასეთი: უახლოეს პერიოდში ლიკა კიკიანი მთავარ პროკურატურაში შეიტანს საჩივარს გამოძიების დაყწების თაობაზე, რომელიც ჩვენ მოვუმზადეთ. განცხადებაში წერია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს ვიდეომასალა, რადგან ის დღეს, 18:00 საათზე ნადგურდება.

 

ჩვენთვის როგორც გახდა ცნობილი, დილის საათებში იქ პოლიციელები იყვნენ მისული. მუშაობდნენ ამ სერვერზე, ამოიღეს, წაშალეს თუ რა გააკეთეს, არ ვიცი. როგორც გენინსპექციამ განგვიცხადა, თვითონ ეს მასალა ამოღებული არ აქვთ. ამ კუთხითაც საინტერესოა, როგორ დაასრულეს მოკვლევა და ფაქტი დაადგინეს, როცა მთავარი მასალა არ ამოუღიათ?”, – ამბობდა ადვოკატი მანამ, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ მომხდარის ამსახველი კადრები აღარ არსებობდა. 

 

კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელი აცხადებს, რომ კვირას კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომხდარ ამბავს ჰყვება.

 

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.

 

კიკიანის თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოესარჩლნენ. საბოლოო ჯამში, კიკიანის თქმით, პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.

 

მისი თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. იგი პოლიციელების მანქანის ნომერსაც ასახელებს: AA 235 CC.

 

შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, საქმის შესწავლა გენინსპექციამ დაიწყო. ის გუშინ დასრულდა. შსს-ს განცხადებით კიკიანის მონათხრობი არ დასტურდება. უწყებაში ამბობენ, რომ კიკიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული. ამასთან, უწყებაში ამტკიცებენ, რომ პოლიციელებს მისი ტელეფონი არ დაუზიანებიათ.


მასალების გადაბეჭდვის წესი