ახალი ამბები

გომელაური კიკიანის საქმეზე: ალბათ გამოძიებამ კამერების ამოღება საჭიროდ არ ჩათვალა

9 ივლისი, 2015 •
გომელაური კიკიანის საქმეზე: ალბათ გამოძიებამ კამერების ამოღება საჭიროდ არ ჩათვალა

“მოკვლევა დაამთავრა გენინსპექციამ, მე ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად ჩაეტარებინათ მოკვლევა. ეს მოკვლევა დაიდო. მე დეტალებში არ ჩავალ, რატომ არ ამოიღეს კამერები და რატომ ამოიღეს. ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპქციამ, რომ კამერები ამოეღო, ან არ იყო მომხდარი იქ ინციდენტი, იმ ადგილას, ან ვერ ხედავდა ის კამერები. ამ დეტალებს მე ზუსტად ვერ გეტყვით. თუმცა ჩვენ მზად ვართ, თუ რამე კითხვებია, გადავცეთ პროკურატურას საქმე და გამოიძიონ,”– განაცხადა გომელაურმა მთავრობის სხდომის შემდეგგ. 

 

ლიკა კიკიანი ვარაუდობს, რომ სამართალდამცავების მიერ მისი ცემის ამსახველი ვიდეოკადრები დაფიქსირებული აქვს კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომის გარე კამერებს. მისი მტკიცებით, ინციდენტი სწორედ იქ მოხდა.

 

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება, აბსურდულს უწოდებს. ვიდეოკადრებში, რომლებიც შსს–მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა, კუს ტბის ავტოსადგომზე გადაღებული კადრები არ არის. 

 

საიას იურისტი, ლევან ვეფხვაძე რომელიც ლიკა კიკიანის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ. როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, კუს ტბის ავტოსადგომის ადმინისტრაცია მათ უარს ეუბნება გარე კამერების ჩანაწერების გადაცემაზე და საჭიროა, რომ პროკურატურა საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთოს.

 

ლიკა კიკიანი კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელია. ის ამბობს, რომ კვირას კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომხდარ ამბავს ჰყვება.

 

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი