ახალი ამბები

ხმაური, ფიზიკური დაპირისპირება და ტაში ბათუმის სასამართლოში [video]

9 ივლისი, 2015 •
ხმაური, ფიზიკური დაპირისპირება და ტაში  ბათუმის სასამართლოში  [video]

ბრალდებულის ნათესავები 8 ივლისს სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიციის თანამშრომლებს აგინებდნენ.  ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ  შეხლა-შემოხლას. სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დარბაზში ოცამდე პოლიციელი შევიდა, მათ შორის იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები და ასევე, ის პირები, რომლებსაც ეცვათ მაისური წარწერით – პოლიცია.

 

 

ბრალდებულის ნათესავებითა და ახლობლებით სასამართლო სხდომის დარბაზი მალევე გაივსო. მათი თქმით, სხდომაზე შესვლას ვერ ახერხებდნენ ბრალდებულის დეიდაშვილი და ცოლის ძმა, ამიტომაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა პოლიციელებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ პოლიციის დარბაზი: „ჩვენ აქ არ ვაპირებთ დანაშაულის ჩადენას, თქვენ დატოვეთ სხდომათა დარბაზი, ან დადექით კედელთან, ფეხზე, ჩვენს ნათესავებს კი მიეცით შესაძლებლობა შემოვიდნენ სხდომის დარბაზში და დასხდნენ“. პოლიციელებმა ბრალდებულის ნათესავების მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს.

 

 

ერთ-ერთმა პოლიციელმა ბრალდებულის ნათესავის პრეტენზიაზე, რომ სასამართლო მცირე დარბაზში ატარებდა სხდომას, განმარტა, რომ ეს დარბაზი ყველაზე დიდია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სხდომა მართლაც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ჩატარდა. მოგვიანებით, სასამართლო დარბაზში უკვე მეორეჯერ შემოსულმა მოსამართლემ განაცხადა, რომ თუ ხმაური ისევ იქნებოდა, სხდომას დახურავდა.

 

სასამართლოს დაწყებამდე ინციდენტი მოხდა ბრალდებულის ადვოკატსა და პოლიციის თანამშრომელს შორის. ურთიერთშელაპარაკების დროს მხარეებს შორის მანდატურები  ჩადგნენ.

 

სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა- შენახვასა და გამოყენებაში. ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, საბოლოო ჯამში ეს დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დააკავეს ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, 6 ივნისს, ნარკოტიკული ნივთიერება კი მას პირადი ჩრეკისას აღმოაჩნდა.

 

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა პოლიციელებს: გია ბახტაძესა და  მალხაზ დიასამიძეს გაუწია წინააღმდეგობა და კიდევ ერთ პოლიციელს, მინდია მალაყმაძეს შემოახია პერანგი.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მისი უფლებები განუმარტა და ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას პრეტენზიები ან დაკავების დროს ხომ არ დარღვეულა მისი უფლებები.

 

ბრალდებულმა, რომელიც 30 წლისაა, თქვა, რომ მას შემჩნეული ჰქონდა,  თუ როგორ უთვალთვალებდა მას პოლიცია ბათუმში ყოფნისას [ავტომანქანით გადაადგილების დროს]. ბრალდებული ამბობს, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელებმა მას ნარკოტიკული ნივთიერება შარვლის ჯიბეში ჩაუდეს.

 

მისივე მონაყოლით, როცა ის გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოს შენობაში, პოლიციელებმა მას შესთავაზეს წყლის დალევა: „გამოვართვი წყლით სავსე ბოთლი პოლიციელს, დავლიე, ერთ საათში დამეწყო თავბრუსხვევა. მოვითხოვე საპირფარეშოში წასვლა, მითხრეს, ცოტა მოითმინე, ასე დამავალა უფროსმაო, მერე წამიყვანეს ექსპერტიზის ბიუროში და შემამოწმეს. სხვა დეტალები არ მახსოვს“.

 

ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ როცა ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ, პირღებინების შეგრძნება ჰქონდა: „ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ მანქანა არ დაგვისვაროსო, გააჩერეს მანქანა და გადმოვედი მანქანიდან, მას შემდეგ მაქვს თავბრუსხვევა, ვარ ძალიან სუსტად.“

 

მოსამართლემ ბრალდებულს ურჩია, რომ ამის შესახებ მოეყოლა პროკურატურისთვის: “სასამართლო არაა დევნის დამწყები ორგანო“.

 

საქმის მასალებით დგინდება რომ ბრალდებული 2008 წელს მარიხუანას მოხმარებისთვის გაასამართლეს, ხოლო 2010 სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით [ხულიგნობა]. მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს.

 

ადვოკატმა ბოდიში მოუხადა მოსამართლეს, სასამართლო დარბაზში შექმნილი აურზაურის გამო: „ჩვენ ვადანაშაულებთ  მიხეილ ბარნოვს, უბნის ინსპექტორის სამმართველოს უფროსს და მირიან თოფურიას, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, იმაში, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს დაალევინეს წყალი, რომელშიც იყო გარეული ნარკოტიკული ნივთიერება. ჩვენს ინტერესებში შედის ამ საქმის ობიექტურად გამოძიება. 40 ათასი ლარის სანაცვლოდ ვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, ვიაზრებთ, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა ეს უზრუნველყოფს გირაოს მიზანს“.

 

მირიან თოფურია ის პოლიციელია, რომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით.

 

ადვოკატმა ასევე წარადგინა ცნობის სახით დახასიათება, რომელიც კრივის კლუბის ფედერაციის მიერაა გაცემული, სადაც მისი თქმით, ბრალდებულს ახასიათებენ დადებითად. მისივე თქმით, ბრალდებული სპორტსმენია, არ ეწევა სიგარეტს და არ სვამს ალკოჰოლს.

 

შემამსუბუქებელ გარემოებად ასევე დაცვის მხარემ დაასახელა ის, რომ ბრალდებული მუშაობს, აქვს საკუთარი ბიზნესი, არჩენს ოჯახს და ჰყავს 3 თვის ფეხმძიმე ცოლი.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით. დაცვის მხარის მოთხოვნის თანახმად, თანხის გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

 

სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლეს ტაში დაუკრეს და მადლობა გადაუხადეს, მოსამართლემ თქვა, რომ მადლობა საჭირო არ არის.

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესის დროს დარბაზში უნებართვოდ შემოსული ბრალდებულის დედა გააფრთხილა, მეორედ კი დარბაზში ბრალდებულის ნათესავის ტელეფონის ხმაურზე გასცა შენიშნვა. [დედა გარეთ ექიმებმა გაიყვანეს, სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს].  რამდენჯერმე გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მოსამართლეს არავინ არ დაუჯარიმებია და არც დარბაზიდან გაუძევებია ვინმე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული ე.წ. კანონიერი ქურდის, “ლავასოღლი ბათუმსკის” მეგობარია, რომელიც მილიციამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხჯერ დააკავა.

 

“ბათუმელების” კითხვაზე, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ხომ არ დაუწყია უწყებას ძიება ან მოკვლევა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე პოლიციელის შეურაცხყოფა არ მომხდარა.

 

სასამართლო პროცესს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი იღებდა, რასაც ასევე ბრალდებულის ნათესავების გაღიზიანება მოჰყვა. სასამართლოს დარბაზში ასევე არის ორი ვიდეოთვალი, ერთი, რომელიც სასამართლო პროცესს იწერს და მხარეებისთვის ხელმისწვდომია და მეორე, რომელიც უსაფრთხოებისთვისაა განთავსებული და მხოლოდ გამოძიებას მიუწვდება ხელი, ოღონდ მოსამართლის ნებართვით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი