ახალი ამბები

“მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყო” – ევროკავშირი

7 თებერვალი, 2020 • 1030
“მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყო” – ევროკავშირი

ევროკომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყანა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ. დოკუმენტში ერთ-ერთი ქვეთავი მართლმსაჯულების სისტემას ეხება.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობები, რომელიც დოკუმენტის ავტორების თქმით, მიმართული იყო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნასა და რეფორმის მეოთზე ტალღის ჩამოყალიბებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმებს განსაზღვრავდა, თუმცა აღნიშნულია, რომ ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა.

ევროკომისიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შედეგად გაიზარდა ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესში, რაც ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა. 12 დეკემბერს კი პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი.

ევროკავშირის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის მთლიანმა პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ევროკომისია მიიჩნევს, რომ რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლის განმავლობაში:

“საქართველოს მზაობა, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები მართლმსაჯულების სისტემაში, კვლავ გადამწყვეტია იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სარგებლობდეს ნდობით, ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგის წარმატებითვის. შემდგომში არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს” ,- წერია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი