ახალი ამბები

სამხედრო ფორმების მითვისების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

7 თებერვალი, 2020 •
სამხედრო ფორმების მითვისების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პოლიციამ სამხედრო ფორმების და ფეხსაცმელების მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს ამ მიზეზით 9 882 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა:

“სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის, თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან.
პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – აცხადებენ უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფრმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

2010 წლის 05 ივნისს კი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბრალდებული აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი