ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა ქუჩაზე შესასვლელი გადაკეტეს. აქციაში მონაწილეობა 113-მა მაცხოვრებელმა მიიღო. ყველა ფირდუსის ქუჩის მაცხოვრებელია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებზე ვრცელდება კანონი “საზოგადოების და სახელმწიფოს საჭიროებისთვის საკუთრების გასხვისების შესახებ”, რომლის მიხედვითაც ახალი მშენებლობა მათი სახლების დანგრევის ხარჯზე უნდა მოხდეს.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, პრემიერს ერთხელ უკვე ესაუბრნენ, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მაცხოვრებლებთან კომპენსაციის გეგმაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ან ახალი ბინებით, ან ფულადი კომპენსაციით დააკმაყოფილებდნენ, თუმცა ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელი დარჩა. აქციის მონაწილეები ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ, რომელმაც მათ განუმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრა მხოლოდ 5-კაციან ჯგუფს შეეძლო, თუმცა დემონსტრანტებმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. პირიქით, სურვლი გამოთქვეს, რომ პრემიერ-მინისტრი თავად მისულიყო მათთან. მიუხედავად ამისა, ისინი პროსპექტის შესასვლელის გათავისუფლებას დათანხმდნენ და აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან განაგრძეს.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |






