მისი თქმით, მოწმე გრიგოლ ბ, რომელიც შსს-ს განცხადების მიხედვით, უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის ან კიკიანის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, სიმართლეს მალავს. კიკიანის თქმით, გრიგოლ ბ. მას გამოექომაგა, როდესაც პოლიციელები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და შემდეგ სამართალდამცველებმა ისიც სცემეს.


კიკიანი ვარაუდობს, რომ მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები დაფიქსირებული აქვს კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომის გარე კამერებს. ინციდენტი სწორედ იქ მოხდა.


“მე ახლა ავდივარ კუს ტბაზე, რომ ეს ჩანაწერები ამოვიღო, თუ წაშლილი არ არის, და გავასაჯაროო”, – ამბობს კიკიანი ნეტგაზეთთან საუბარში.


იგი ასევე უარყოფს შსს-ს იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კიკიანი გენინსპექციაში არ გამოცხადდა. მისი თქმით, გენინსპექციაში მისვლის დრო დათქმული არ იყო და იგი მათგან ზარს ელოდებოდა. შსს-ს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ კიკიანს გუშინ დაურეკეს და შეხვედრა დაუთქვეს გენინსპექციაში. 

 

კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელი აცხადებს, რომ კვირას კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომხდარ ამბავს ჰყვება.

 

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.

 

კიკიანის თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოესარჩლნენ. საბოლოო ჯამში, კიკიანის თქმით, პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.

 

მისი თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. იგი პოლიციელების მანქანის ნომერსაც ასახელებს: AA 235 CC.

 

შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, საქმის შესწავლა გენინსპექციამ დაიწყო და დღეს დაასრულა. შსს-ს განცხადებით კიკიანის მონათხრობი არ დასტურდება. უწყებაში ამბობენ, რომ კიკიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული. ამასთან უწყებაში ამტკიცებენ, რომ პოლიციელებს მისი ტელეფონი არ დაუზიანებიათ.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *