
ბათუმის დელფინარიუმი ბათუმის მერიის შპს-ა, თანხა მის შესანახად და მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება. დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, მას უკვირს, თუ რატომ მოჰყვა სოციალურ ქსელებში გამოხმაურება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის დელფინებთან ინტერაქტივის ფასს, რადგან ეს ფასი დელფინარიუმის დაარსებიდან არ შეცვლილა. „დაარსებიდან ასეა ეს ფასი. ოთხი, თუ ხუთი წელია ასეა, გამიკვირდა ეს გამოხმაურებები. მე რამდენიმე თვეა აქ ვმუშაობ, პირველი სეზონია.“
იმავეს ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ წეროძე, დელფინარიუმის ძუძუმწოვრების ცენტრის მენეჯერი.
„ეს ძველი, დამტკიცებული ფასია. ჩვენ არ ვატარებთ თერაპიას, ჩვენ ვატარებთ ინტერქტივს. ამ დროს [დელფინარიუმის გახსნის დროს] რუსეთიდან იყო ჯგუფი ჩამოსული და ძალიან გვთხოვეს. თერაპიას ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ, ამას ეწოდება ინტერაქტივი, ინსტრუქტორთან ერთად 15 წუთი წყალში მიმდინარეობს ინტერაქცია. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ვატარებთ ინტერაქტივს, ჩაგვყავს ჯგუფი, დაახლოებით 4-5 კაცის ოდენობით. სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ეს უკვე არ შეიძლება. აქ არის მხოლოდ ინსტრუქტორი, დელფინი და სპეციალური საჭიროების მქონე პირი, რადგან ადამიანს მიხედვა უნდა წყალში. ამიტომაც ეს ფასი ასე დადგინდა, მაშინ 100 დოლარის ექვივალენტი იყო ეს 160 ლარი, ამიტომ დარჩა ეს ათი ლარი სხვაობა. ასე იყო სულ და ამდენ ხანს რატომ არავის მიუქცევია ყურადღება…
სხვა ჩვენ არანაირი დაინტერესება არა გვაქვს, საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ. ჩვენ 70 პროცენტამდე ვფარავთ მხოლოდ ხარჯებს. სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ, ერთი სეანსი არ ჰყოფნით, რამდენიმე უნდათ. თავიდან ისე იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნებოდა სუბსიდირება, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა ეს, ვერ დალაგდა ეს საკითხი“ – ამბობს თენგიზ წეროძე.
არის თუ არა სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის სხვა ფასი დისკრიმინაციული?
ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ საკითხის შესწავლას აპირებს:
„დაწყებულია ამ საქმის მომზადება. უახლოეს დღეებში ვეწვევით დელფინარიუმს, გავესაუბრებით მენეჯმენტს, რომ გავიგოთ რა მიზეზია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განსაკუთრებით ძვირია სერვისი, რა შედის ამ სერვისში, რა ტიპის განსხვავებაა. დისკრიმინაციის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები. ის, რომ ორგანიზაცია მერიისაა, უფრო ართულებს ამბავს იმიტომ, რომ ეს არის მუნიციპალური სერვისი და დიდი ალბათობით დისკრიმინაციულია, მაგრამ როცა შესწავლას დავასრულებთ, ამის შესახებ შემდეგ ვიტყვით ხმამაღლა.“
თომა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარეა ბათუმში. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე ადრეც იყო საუბარი:
„მაშინ, როგორც მახსოვს, ახსნა მოუძებნეს, რომ დამხმარე სჭირდება სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანს და დამატებით პერსონალს საჭიროებს ასეთი პირის ჩაყვანა წყალში და იმიტომ ღირს ძვირიო. ეს შეიძლება იყოს კიდეც დისკრიმინაციული. თუმცა, თუ ამ მხრივ შეხედავ, რომ მათ ეს უჯდებათ ძვირი… რაღაც თუ გააკეთა ადამიანმა, შესაფერისი ანაზღაურებაც უნდა მიიღოს. აიძულო, შენ გამო უფასოდ იმუშაოს, ესეც არ არ არის სწორი, მაგრამ ათი ლარია გასხვავება და ალბათ არ იქნება პრობლემა, ისიც 150 ლარი იყოს. ასე თვალსაჩინო არ უნდა იყოს განსხვავება.“
აპირებს თუ არა დელფინარიუმი გადახედოს ფასს? დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, რომ არ იცის: „არ ვარ მზად ახლა ამაზე გიპასუხოთ“ – განაცხადა მან „ბათუმელებთან.“
ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მრჩეველი სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ურთიერთობის საკითხებშიც ჰყავს. შორენა მამულაძე, მერის მრჩეველი, ამბობს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს:
„მე თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს მერის წინაშე. თუ სერვისი არის ერთი და იგივე, ფასში რატომ უნდა იყოს განსხვავება. აუცილებლად დადგება ეს საკითხი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.“
ბათუმის დელფინარიუმს 2014 წლამდე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ მართავდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია. კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ [რომელშიც დელფინარიუმიც შედის] 19 წლის მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული, თუმცა გასულ წელს კომპანიამ დელფინარიუმი ბათუმის მერიას გადასცა.