ახალი ამბები

თბილისის ბაგა-ბაღებში მშობელთა ნაწილი ბავშვებს ვერ არეგისტრირებს

8 ივლისი, 2015 • 3048
თბილისის ბაგა-ბაღებში მშობელთა ნაწილი ბავშვებს ვერ არეგისტრირებს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი ვებ-გვერდზე kids.org.ge მანამდე გაგრძელდება, სანამ ბაღებში ადგილები იქნება.

                                                                                                    

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას თქმით, ის ბაღები, რომლებშიც ჯერ კიდევ არის თავისუფალი ადგილები, ვებ-გვერდზე უნდა მოიძებნოს. მისი თქმით, ვინ გასულ წელს უკვე დარეგისტრირდა, იმ ბავშვების მონაცემები სისტემაში ჩვეულებრივად რჩება და ხელახალი რეგისტრაცია არ მოუწევთ.

 

როგორც თორდინავა ამბობს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენ მშობელს სურს ბავშვების დარეგისტრირება. მისი თქმით, ვინც დარეგისტრირდება, მას შემდგომ უკვე სათათბიროებით მიიღებენ ბაღები აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ ნახევარში: “სექტემბრის სადღაც 15 რიცხვისთვის გვეცოდინება გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობა. ანუ, რამდენი მსურველი დარჩა გარეთ.”

 

იმ მშობლებს შორის, რომლებმაც ბავშვების დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ერთ-ერთი თამარ ბარბაქაძეა. მისი თქმით, ზუსტად 12:30 საათზე ოთხი თანამშრომლის კომპიუტერში გამზადებული ჰქონდა ყველა მონაცემი თბილისის ბაგა-ბაღების ვებ-გვერდზე, თუმცა 12:55-ზე უკვე შევსებული იყო მის მიერ შერჩეული ბაგა-ბაღი.

 

“ყველა თანამშრომელი გავაფრთხილე, რომ 12:55-ზე ყოველ წამს სცადეთ დარეგისტრირება. კურსორის დაჭერა უნდოდა მხოლოდ, სხვა ყველაფერი შევსებული იყო. იქნებ როგორმე მოვხვდეს ან ერთი, ან მეორე ბავშვი… ისტერიულად, ყოველ წამს ვცდილობდი დარეგისტრირებას. ზუსტად პირველს აკლდა ორი წუთი, რომ ამომიგდო – “ბაღში ვაკანსია არ არის”. მანამდე მიწერდა, რომ ჯგუფში იყო 26 ადგილი.  პირველი საათიც არ იყო ჯერ, რომ დამიწერა ანალოგიური. მანამდე ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ვერც ერთი ბავშვი ვერ დავარეგისტრირე. ანალოგიურ მდგომარეობაშია ჩემი მეზობელიც, რომელმაც მაშინვე დამირეკა და მკითხა, თამუნა შენ რა ქენიო. ის სოფლიდან ჩამოვიდა საერთოდ, რომ ბავშვი როგორმე დაერეგისტრირებინა აქ,” – ამბობს თამარ ბარბაქაძე.

 

მისი თქმით, ის ბაგა-ბაღი, სადაც უნდოდა ბავშვების მიყვანა, ზუსტად მისის საცხოვრებელი კორპუსის წინ მდგებარეობს. ის ფიქრობს, რომ ბენეფიციარები ტერიტორიული თვალსაზრისით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ: “უკაცრავად და, როცა ცხვირწინ გაქვს ბაღი, ორი კვარტლის იქით არ უნდა ატარო.”

 

თამარ ბარბაქაძე ამბობს, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ნომერზე უშედეგოდ ცდილობს დაკავშირებას. ის უკვე იყო ბაღში მისული, სადაც მასთან ერთად კიდევ 4 მშობელი იმყოფებოდა. ბაღის დირექციამ მისი დაბადების მოწმობის ასლი დაიტოვა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, დაეხმარებიან თუ არა პრობლემის მოგვარებაში: “ამათაც რა ქნან? იმდენი ადამიანი ედავება, იმდენი ჩხუბობს…”


იგივე პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი მშობელი, რომელსაც ბავშვის დარეგისტრირება ნაძალადევის რაიონში მდებარე რომელიმე ბაღში სურდა.


“13:01 საათზე ნაძალადევის არც ერთი ბაღში არ იყო ადგილი 4-5 წლიანი ბავშვებისთვის. რაც შეეხება სხვა ასაკს, იყო მხოლოდ ერთი ან ორი ვაკანსია,” – ამბობს იგი.

 

კითხვაზე, თუ რა ბედი ელით იმ ბავშვებს, რომლებმაც რეგისტრაცია ვერ მოასწრეს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი გვპასუხობს:

 

“ჩვენ ეტაპობრივად ვაკმაყოფილებთ მათ, ახალ ჯგუფებს ვქმნით, ახალ ბაღებს ვაშენებთ. ოთხი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი წლის ბოლომდე და გამომდინარე აქედან, ეტაპობრივად უნდა დავაკმაყოფილოთ აღნიშნული კატეგორიის ბავშვები.”

 

თორდინავა არ გამორიცხავს, რომ ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია შეიძლება ყველა მშობელმა ვერ მოახერხოს:

 

“ის, რომ ყველა ბავშვის დარეგისტრირება მოხდება და ყველა ბავშვს ექნება შესაძლებლობა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში დარეგისტრირდეს, ეს ასე არ იქნება, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ 50 საბავშვო ბაგა-ბაღია წლების განმავლობაში დახურული და აქედან გამომდინარე, ეს 50 ბაღი ისეთ ადგილებშია, სადაც ყველაზე მწვავედ გვიდგას მოთხოვნა.”

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, თუ 2014 წლის სექტემბრამდე ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 49500-მდე იყო, წელს 53500-ზე მეტია. მერიის ცნობით, ახალი ჯგუფების შექმნა ზაფხულშიც გაგრძელდება:

 

“მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის გასავლელად საბავშვო ბაღის 4750-მდე აღსაზრდელი ბაღებში რჩება, ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, 10 000-მდე ბავშვის მიღება მოხდება. ასევე, დაწყებულია 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქედან მოსკოვის გამზირზე 500 ბავშვზე გათვლილი მშენებარე #128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბრის თვიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი სააღმზრდელო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ჩუღურეთში, კიევის ქ. N2-ში, წინა წლებში დახურული #132-ე ბაგა-ბაღიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული #56-ე ბაგა-ბაღის აღდგენითი სამუშაოებიც, რომელიც სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში,” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

დედაქალაქიის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა გაიარეს, რომელთაც რეგისტრაციის პროცესში „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები დაეხმარნენ.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყო. შესაბამისად, იმ ოჯახების ბავშვებისთვის, რომლებიც არ შედიან პირველი ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში, რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

ბაგა-ბაღი
ბაგა-ბაღი

მასალების გადაბეჭდვის წესი