ახალი ამბები

თალაკვაძე კონგრესმენ კინზინგერს შეხვდა

7 თებერვალი, 2020 •
თალაკვაძე კონგრესმენ კინზინგერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კონგრესმენს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს, რომლის თანაავტორობითაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში კრიტიკული წერილები მიიღო.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც „უკავშირდებოდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომლის თანახმადაც კონგრესში საქართველოზე არასწორი ინფორმაცია სამთავრობო არხების გვერდის ავლით მიდის“, ადამ კინზინგერმა ასე უპასუხა:

„ჩვენ მთავრობასთან უფრო მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ვინმე სხვასთან“.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი“, — პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს განცხადება გააკეთა კინზინგერმა თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ამავე თარგმანის თანახმად, კინზინგერმა ასევე თქვა: „საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები“.

„იმდენად, რამდენადაც აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“, – განაცხადა კინზინგერმა [თარგმანის ეს ნაწილიც პარლამენტს ეკუთვნის].

„ამერიკის ხმის“ ცნობით, კონგრესმენთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არჩილ თალაკვაძეს.

21 იანვარს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა. წერილში კონგრესმენები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომელიც გამოწვეულია „მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას“. წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ადამ კინზინგერია.

4 კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას

მასალების გადაბეჭდვის წესი