ახალი ამბები

აშშ-მა ბულგარელი მოსამართლე შავ სიაში შეიყვანა

6 თებერვალი, 2020 • 1465
აშშ-მა ბულგარელი მოსამართლე შავ სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა ბულგარელი მოსამართლე ანდონ მიტალოვი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანახმად, „მნიშვნელოვანი დონის კორუფციაში“ იყო ჩართული.

პომპეომ განაცხადა, რომ მოსამართლე მიტალოვი გარეულია „კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას“ ბულგარეთში.

განცხადების თანახმად, მიტალოვის ცოლს, კორნელია სტოიკოვა-მიტალოვას, ასევე მიენიჭა სპეციალური სტატუსი, რის შედეგადაც ორივე მათგანს აკრძალული აქვს აშშ-ში შესვლა.

მოსამართლე მიტალოვმა რამდენიმე თვის წინ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ბულგარელ პარლამენტარს ნება მისცა, რუსეთში ჩასულიყო. ამ პარლამენტარმა, ნიკოლაი მალინოვმა, მოსკოვში ვიზიტისას, ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან პირადად მიიღო ჯილდო.

„შეერთებული შტატები აგრძელებს ბულგარელი ხალხის მხარდაჭერას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აცხადებს პომპეო.

„როიტერსის“ თანახმად, აშშ-ის საელჩომ ბულგარეთში განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონი სანქციას უწესებს ბულგარეთის მოქალაქეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი