ახალი ამბები

აქცია ქობულეთში – „აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას“

7 ივლისი, 2015 •
აქცია ქობულეთში – „აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას“

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე ქობულეთში იმ ტერიტორიის მოსანახულებლად ჩავიდა, სადაც მუსლიმი მრევლი რელიგიური სასწავლებლის გახსნას გეგმავდა, რაშიც ხელი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა შეუშალეს.

 

მოსამართლემ აქციაზე შეკრებილთა გასაგონად თქვა, რომ სასამართლოში მხარეების მოსმენა 15 ივლისს იგეგმება. მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა მანქანის საბურავებისა და ხისგან გაკეთებული ბარიერები, რომლითაც მედრესესთვის განკუთვილი შენობისკენ მისასვლელი გზა არის ჩახერგილი.

 

ადგილზე იმყოფებოდა ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძეც. მან თქვა, რომ სარჩელში, რომელიც მათი მხარდაჭერით შეიტანეს სასამართლოში მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებმა, მუსლიმების დისკრიმინაციის წყაროდ დასახელებული ჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია.

 

აქციის მონაწილეები მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ მეზობლური დავაა. მუსლიმი მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ისინი სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ თავიანთი უფლებების რეალიზაციისთვის ბრძოლას.

 

კონფლიქტი ქობულეთში გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, რომლის კულმინაცია ის იყო, რომ მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე მართლმადიდებელმა მრევლმა ღორის თავი მიაჭედა.

მასალების გადაბეჭდვის წესი