ომბუდსმენის განცხადებით, ფოტო შეიცავს სტიგმასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ.
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირები მარგინალიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან; მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი, რის გამოც ასეთი პირები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს.
“ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო ხასიათის პროდუქტები არ იწვევდეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების ღირსების შელახვას და მათი იზოლაციის ხელშეწყობას,”– აცხადებს ომბუდსმენი.
ფოტო KFC–ის ფეისბუკზე 23 ივნისს გამოქვეყნდა და მისი მოძებნა კომპანიის გვერდზე კვლავ შესაძლებელია.

საქართველოს სახალხო დამცველი KFC–ს მოუწოდებს, უზრუნველყოს ამ სარეკლამო ხასიათის ფოტოს გამოყენების შეჩერება.
“ამასთან, ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებამ საქართველოში თავი შეიკავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი პროდუქტის ტირაჟირებისგან. უფრო მეტიც, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებითა და სერვისებით სხვების თანაბრად სარგებლობას და იზრუნონ გარემოსა და მომსახურების პირობების გონივრულად მისადაგებაზე,”– აცხადებს ომბუდსმენი.
