აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში გაზახის და გედებეის რაიონსა და სხვადასხვა სოფლებში განლაგებული აზერბაიჯანის პოზიციები დაიბომბა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის განცხადებით, 8 ივლისს ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის ფარგლებში ფრონტის ხაზთან, სოფელ აშაგთან ახლოს მორიგი მონიტორინგი ჩატარდება.

Vesti.Az-ზე დაყრდნობით “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მონიტორიგს ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის პირადი თანაშემწეები ევგენი შაროვი და პიტერ სვედბერგი ჩაატარებენ. მთიანი ყარაბაღის მხრიდან კი მონიტორინგს ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენლის თანაშემწეები ხრისტო ხრისტოვი და ირჟ აბერლე ჩაატარებენ.
Armenia Today წერს, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს მონიტორინგს და ეუთოს წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.





