ახალი ამბები

MDF “ალიაში”, “საქართველოს რესპუბლიკასა” და “ობიექტივში” საბიუჯეტო სახსრებზე საუბრობს

7 ივლისი, 2015 •
MDF “ალიაში”, “საქართველოს რესპუბლიკასა” და “ობიექტივში” საბიუჯეტო სახსრებზე საუბრობს

კერძოდ, MDF წერს, რომ რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში მიღებული აქვთ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას” (63 923, 33 ლარი), მედია-კავშირ “ობიექტივს” (52 167,84  ლარი), “ალია” ჰოლდგინგში შემავალ გამოცემებს: გაზეთები “ალია” და „კვირის ქრონიკა” (48 650 ლარი) და გაზეთ “ასავალ-დასავალს” (1 200 ლარი). კვლევაში არ არის აღნიშნული, თუ აღნიშნულ გამოცემებში კონკრეტულად რა შინაარსის რეკლამები განათავსეს უწყებებმა.

 

MDF-ის ანგარიშის თანახმად, წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპი) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია.

 

ასევე, MDF–ის ინფორმაციით, შპს “ეტალონ-მედიას” 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც “ობიექტივის” ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული. ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს „ეტალონის” მიერ კანონმდებლობის დარღვევით „ობიექტივის” ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე „ობიექტივსა” და მის პარტნიორ მედია-ორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან „ობიექტივის” კავშირებზე და სხვა მედიასაშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

 

MDF
MDF

MDF–ის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ცალკეულმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) რეკომენდაციებში #7 ეროვნული კანონმდებლობის შესახებ და არ გაუფორმონ კონტრაქტები ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. ასევე, ECRI-ის რეკომენდაციების საფუძველზე, შეიმუშავონ რეგულაციები, რომლებიც მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვასა და ხელშეწყობას კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქცევს.

 

MDF–ის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ საბიუჯეტო დაწესებულებებმა საჯარო გახადონ მედიაში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხები და  ასეთი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს რეკლამის კანონის მოთხოვნების დაცვას, რათა ყველა მაუწყებელს თანაბარი პირობები შეუქმნას; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ისეთი გადაცემების დასპონსორების საკითხს, რომელთა გამოც მაუწყებელთა მიმართ ადმინისტრაციული დარღვევები უკვე მარეგულირებლის მიერ დადგენილია. 

 

მედიის განვითარების ფონდის რეკომენდაციით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ უნდა გააფორმონ ისეთი კონტრაქტები, რომლებიც კანონმდებლობის საწინააღმდეგო ვალდებულებებს შეიცავს და ზოგ შემთხვევაში სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს. პარლამენტმა კი გადახედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის იმ ნაწილს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას არეგულირებს და საჯარო ინფორმაციის დროული მიღების ინტერესიდან გამომდინარე, შეამჭიდროვოს სასამართლოში ასეთი საქმეების განხილვის ვადები.

მასალების გადაბეჭდვის წესი