ახალი ამბები

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს – თურნავა

6 თებერვალი, 2020 • 4346
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს. მისივე თქმით, პროექტი დღეს, 6 თებერვალს მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა.

“მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, გარკვეულწილად, პარალელურად გავაკეთოთ ეს პროექტები. შესაბამისად, დღევანელი პროექტის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საგზაო დეპარტამენტი, განახორციელებს სავატომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა. რაც მთავარია, დღეს დამტკიცდა ეს პროექტი.

იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტიანი მიმოსვლა, სულ 1.5 კმ მონაკვეთია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს საქართველოს რკინიგზის განახლებულ სადგურამდე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში განაცხადა იმდროინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან პროექტის პრეზენტაცია უშუალოდ კოპიტნარში გახსნა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი