ახალი ამბები

თბილისში სუპერთასის მატჩის დღეს პროდუქციის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდება

7 ივლისი, 2015 •
თბილისში სუპერთასის მატჩის დღეს პროდუქციის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდება

“მხოლოდ და მხოლოდ უეფას ოფიციალური სპონსორები არიან უფლებამოსილი, რომ გამოიყენონ ან უეფას ლოგოები, ან ინფორმაცია ზოგადად უეფას სუპერმატჩის შესახებ თავიანთ რეკლამაში. ეს ეხება როგორც სატელევიზიო რეკლამას, ისე გარე რეკლამას და ნებისმიერი ფორმით პროდუქციის რეკლამირებას,”– განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ. 

 

საქპატენტის ცნობით, ასევე აკრძალული იქნება საფეხბურთო კლუბების, “ბარსელონისა” და “სევილიის” ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვო გამოყენება, მაგ.: კლუბების ლოგოების შარფებზე უნებართვო დატანა.

 

გარდა ამისა, გოგოლიძის განცხადებით, დინამო არენაზე აკრძალული იქნება ნებისმიერი პროდუქციით ვაჭრობა უეფას სუპერთასის მატჩის დღეს და წინა დღეს. ასეთივე აკრძალვა იმოქმედებს ვერის ბაღის მიმდენარე ტერიტორიასა და მეიდანზეც, რადგან აქ გულშემატკივრები აპირებენ შეკრებას. 


საქპატენტის ინფორმაციით, ამ პერიმეტრზე მოქმედ მაღაზიებსა და კაფე–ბარებს დაურიგდებათ საინფორმაციო ფლაერები, სადაც განმარტებული იქნება, თუ რა ქმედებები იკრძალება კანონით.


“პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ არ მოხდერს და სწრაფად მოხდეს აღკვეთა დარღვევის შემთხვევაში. ყველაზე მთავარი სანქცია იქნება იმ საქონლის ჩამორთმევა, რომელიც იქნება უკანონოდ ნიშანდებული უეფას სასაქონლო ნიშნით. რაც შეეხება ჯარიმას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დართღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ჯარიმას, რომელიც არის 3 000 ლარამდე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით. თუმცა ჩვენ იმედი და მოლოდინი არის ის, რომ მაქსიმალურად შევძლებთ ამ ხალხის ინფორმირებას და არ მოხდება ასეთი დარღვევები,”– განმარტავს ნიკოლოზ გოგოლიძე. 

 

საქპატენტის ცნობით, მთავრობის განკარგულებით, უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარების კოორდინირება საქპატენტთან არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დაევალა. 


პრესკონფერენცია საქპატენტში. საქპატენტის ფოტო. 07.07.2015
პრესკონფერენცია საქპატენტში. საქპატენტის ფოტო. 07.07.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი