ახალი ამბები

იმპიჩმენტი დასრულდა – სენატმა ტრამპი გაამართლა

6 თებერვალი, 2020 •
იმპიჩმენტი დასრულდა – სენატმა ტრამპი გაამართლა

წინა წლის სექტემბერში დაწყებული დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის – თანამდებობიდან გადაყენების პროცესი – დასრულდა. აშშ-ის სენატმა ტრამპი ორივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

ტრამპის იმპიჩმენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 48 სენატორმა დაუჭირა მხარი, 52 წინააღმდეგი იყო. კონგრესის ობსტრუქციის (საქმიანობაში ხელშეშლის) ბრალდებით გადაყენებას 47-მა სენატორმა მისცა ხმა, 53 წინააღმდეგი იყო. ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმათა 2/3 – ანუ, მინიმუმ, 67 ხმა იყო საჭირო.

ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, მიტ რომნი იყო, 2012 წელს რესპუბლიკელთა კანდიდატი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამგვარად, დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე მინიმუმ 2021 წლის 20 იანვრამდე დარჩება, ხოლო თუ ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, მეორე ვადითაც გააგრძელებს საქმიანობას.


იმპიჩმენტის მიზეზი გახდა ტრამპის სატელეფონო საუბარი, სადაც ის სთხოვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯო ბაიდენის (აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი 2009-17 წლებში, ტრამპის შესაძლო ოპონენტი 2020 წლის არჩევნებში) შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ აღძრული საქმე განეახლებინა, ხოლო თუკი უკრაინის პირველი პირი ამას არ გააკეთებდა, ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს 2019 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი