ახალი ამბები

თალაკვაძე ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე: დავადგენთ, იყო თუ არა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული

6 ივლისი, 2015 •
თალაკვაძე ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე: დავადგენთ, იყო თუ არა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული

“წინასწარი ინფორმაციით, 2015 წ. 5 ივლისს ქ. თბილისში, გლდანის IV მიკრორაიონში 1991 წ. დაბადებულ ნესტორ გოგოძესა და არჩილ სივსივას შორის მოხდა კონფლიქტი. კონფლიქტის მონაწილეთა ინფორმაციით, ერთი მხრივ, ნესტორ გოგოძემ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგომ მოქალაქეებს, მათ შორის ა.სივსივას შენიშვნა მისცა ხმაურთან დაკავშირებით და დაემუქრა, ხოლო ა.სივსივამ საპასუხოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიებაც დაიწყო სსკ 125 მუხლით. საქმესთან დაკავშირებით ამ მომენტშიც იკითხებიან მოწმეები, მათ შორის ნ.გოგოძე.


იმის გამო, რომ ნ.გოგოძე თავის საჯარო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მიმართვებს – გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგინდება, არის თუ არა სახეზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიცა სპეციალური დირექტივა, რომლის მიზანიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფაა”, – აცხადებს თალაკვაძე.


დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი ნესტორ გოგოძე ამბობს, რომ საქართველოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ “ინგლისელი ჰომოსექსუალი” უწოდეს . როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, შემთხვევა გლდანში 4 ივლისს მოხდა.


“თბილისში ჩამოსული ვარ სტუმრად, ეზოსთან აყალ-მაყალი იყო. ძალიან დიდი ჩხუბი იყო და ვერ დავიძინე, მე გავედი და დავსვი კითხვა, რა ხდება, ბიჭებო-მეთქი. ამ დროს ვინმე ხვიჩა პირდაპირ გადმოვიდა იერიშზე, ყელში მწვდა და დამარტყა. შემდეგ მისი თანმხლები პირები დამესივნენ და მირტყამდნენ. როდესაც პოლიცია აკავებდა, მან მითხრა, შე ინგლისელო ჰომოსექსუალო და შემაგინა”, – ამბობს გორგოძე და დასძენს, რომ მას არანაირი აგრესიული დამოკიდებულება არ გააჩნია ლგბტ თემის წარმომადგენლებთან და ემიჯნება ყოველგვარ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, თუმცა თვითონ ჰეტერეოსექსუალია და ბრიტანეთში არც თავისი ქართული იდენტობა დაუკარგავს, ამიტომ მინიშნება ინგლისელობასა და ჰომოსექსუალობაზე მტკივნეულად მიიღო.


მისივე თქმით, პოლიციამ დაკავებული წაიყვანა და ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერის შემდეგ გამოუშვა. იგი ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რადგან იმედოვნებდა, რომ დაკავებული თავის შეცდომას გააცნობირებდა, სინანულით გამოხატვას მოინდომებდა. ასევე, ჰქონდა იმის იმედიც, რომ ამით პრობლემა ამოიწურებოდა.

 

“მაგრამ მოხდა სხვანაირად: როდესაც განყოფილებიდან გამოვიდა, ხმამაღლა დაიწყო უბანში ყვირილი ჩემზე, შუბლს გავუხვრიტავო. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ეს. ერთი დღის შემდეგ კვლავ მივმართე პოლიციას, რა უთხარით ამას ისეთი, რომ შუბლის გახვერეტით მემუქრება-მეთქი. დღეს პოლიციაში ვარ დაბარებული. არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე, ან რა რეაგირება ექნება პოლიციას. მე სულით და გულით ქართველი ვარ. ყველგან ვამაყობ ჩემი ქართველობით. ლონდონში სულ ორი ქართველი მუშაობს მეტროპოლიტენის პოლიციაში. მე არც სახელი შემიცვლია და არც გვარი. 15 წელია ლონდონში ვცხოვრობ, მაგრამ ერთი წამით არ დამვწყებია, სადაა ჩემი ფესვები. მე ქართველი მეუღლე მყავს, ქართველი მეგობრები, მშობლები, ნათესავები და არავის აქვს უფლება ჩემს ღირსებას დარტყმა მიაყენოს”, – ამობობს გოგოძე ჩვენთან საუბარში.


მასალების გადაბეჭდვის წესი